საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი მიმდინარეობს
„ძალიან მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო კავშირი, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.
● აშშ-ის საელჩო: პომპეო ყურადღებას გაამახვილებს სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე
პომპეო უკვე შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ხოლო მანამდე ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია.
სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე აშშ-ის სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამავე შეხვედრაზე მაიკ პომპეომ გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საპატრიარქოში გაემგზავრება, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.
________________________
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საპორტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. რუსთაველიდან მელიქიშვილამდე ცოცხალი ჯაჭვია გაბმული, ხალხს ხელში ბანერები და სტიკერები უჭირავს წარწერით “გაყალბებულია!”, ხოლო მშვიდობის ხიდზე აქტივისტებმა გადმოფინეს ბანერები წარწერით “არჩევნები გაყალბებულია რუსი ოლიგარქის მიერ”.
მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს, რომ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას. ეს არის მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.
“ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო არის და იქნება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი ქვეყანა და ის მოვლენები, რაც ქვეყანაში განვითარდა არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დასრულდება სამართლიანად, ხალხის ნების გამოხატვით. ჩვენი დღევანდელი დგომა არის გზავნილიც, დაპირებაც და პასუხისმგებლობის აღებაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და გვინდა სწორედ ეს მესიჯი წაიღოს ბატონმა პომპეომ შეერთებულ შტატებში და ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ ის პარტნიორობა, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადაწყვეტს ბევრ პრობლემას”, – ამბობს დავით უსუფაშვილი, მოძრაობა “ლელოს” წევრი.