საქართველოში კოვიდ-პასპორტების კონცეფცია მუშავდება
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში კოვიდ-პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. მისივე თქმით, კოვიდ-პასპორტის დოკუმენტი მოქალაქეს, როგორც ელექტრონულად, ასევე ბეჭდვის სახით ექნება და მასში თავმოყრილი იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია, რომელიც მოქალაქეებს როგორც საზღვრის კვეთაში, ისე სამედიცინო ჩარევის შემთხვევებში დაეხმარება.
„კოვიდ პასპორტი ძალიან საინტერესო ინიციატივაა, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო შემოვიდა და პრემიერ-მინისტრმა მხარი დაუჭირა. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ელექტრონული პლატფორმის კოვიდ პასპორტის შემუშავებაში ჩართულია სხვა უწყებებიც. უახლოეს პერიოდში კოვიდ პასპორტის კონცეფცია უკვე წარდგენილი იქნება. ეს იქნება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ელექტრონულ მატარებელზეც და ბეჭდვის სახით შეიძლება ვიქონიოთ. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია”, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდეს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, შეეხება თუ არა შემსუბუქება კომენდანტის საათს.
“საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ ის დაბალი იქნება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება“, – აღნიშნა თურნავამ.
______________________________
● ვაქცინაცია საქართველოში: ვინ რითი იცრება
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● როგორ მიმდინარეობს სომხეთში ვაქცინაციის პროცესი
_______________________________
ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა.
ამასთან ერთად, ნელა მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესიც. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პრეპარატების მიმართ უნდობლობა და ასევე ვაქცინაციის პროცესის მენეჯმენტი – ადამიანებს რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლა უწევთ იმისთვის, რომ აიცრან და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე ათასი აუთვისებელი დოზა ვაქცინაა.
ქვეყანაში ამ დრომდე ოთხი ვაქცინაა შემოტანილი – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
აქედან მხოლოდ ორს – “ფაიზერს” და “ასტრაზენეკას” ჰქონდა გავლილი ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ხოლო “სინოფარმს” ჯანმომ ავტორიზაცია 6 მაისს მიანიჭა.