საქართველოში ინფლაციის დონე 1.8 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა პროდუქტებიც
საქართველოში ინფლაციის დონე 1.8%-ით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.8%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა. შესაბამისად, გაძვირდა პროდუქტებიც. მაგ: ბოსტნეული 46.2%-ით, პური 28.8%-ით, ზეთი 20.8%-ით.
2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სწორედ ინფლაციის დონის ზრდა იწვევს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების მატებას, ანუ საქონლისა და სერვისების გაძვირებას და ასევე, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას.
წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული + 46.2%
- პური და პურპროდუქტები + 28.8%
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 24.1%
- ზეთი და ცხიმი + 20.8%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 19.3%
- თევზეული + 18.9%
- რძე, ყველი და კვერცხი + 18%
- ყავა, ჩაი და კაკაო + 17.6%
- ხილი და ყურძენი + 14.4%
- ხორცი და ხორცის პროდუქტები + 10.9%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.7%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით, რაც 2.7%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4%-იანი მატება, რაც 0.97%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზეც: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%), ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 6.5%.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია და ფასები გამოწვევად დარჩება მიმდინარე წელსაც იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ფასები რეკორდულ ნიშნულზე იყო ქვეყნების უმეტესობაში:
“30-40-წლიან რეკორდებს ხსნიდა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში, ჩვენს სამეზობლოში, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნებოდა აქედან იზოლირებული, ამ სივრციდან და ეს ბუნებრივად აისახა საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელზე.”
მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციას ექნება შემცირების მიმართულება მომდევნო თვეებში და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელთან შესაბამისად ახლოს უნდა იყოს.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მათი თქმით, “ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.” ასევე, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ საწვავის ფასების მკვეთრ მატებას ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.
საქართველოს მთავრობა კი გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.