საქართველოში პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ამბობს, რომ ყველაფერი ომის ბრალია
საქართველოში პროდუქტებზე ფასები იზრდება
საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
“ჩვენი პროდუქციის ფასი უკვე გაიზარდა 13-14%-ით“, – ამბობს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საკონდიტრო კომპანიის, ,,ტკბილი ქვეყნის“ კომერციული დირექტორი კახა ყრუაშვილი:
„პროდუქციაზე, რომელსაც რუსეთიდან ვიღებდით ლოგისტიკური პრობლემა შეიქმნა და დღემდე რჩება. საუბარია ლარსით გადმოტანაზე, რამაც გაზარდა გადაზიდვის ფასი. გაძვირებულია თავად ღირებულების ნაწილიც და შედეგად ჩვენი პროდუქციის ფასი უკვე გაიზარდა 13-14%-ით.”
მისივე თქმით, არის ინგრედიენტების ნაწილი, რომელსაც კომპანია ევროპიდან იღებს, მაგრამ გადმოზიდვა აქაც პრობლემა გახდა, რადგან თურქეთმა ჭარბი ტვირთების გამო, ვერ შეძლო დროულად გამოეშვა საქონელი.
მკვეთრად გაზრდილი თვითღირებულების გამო, მწარმოებლებმა უკვე მოამატეს ფასები კვერცხისა და ფრინველის ხორცზეც.
„ქათმის საკვებად ძირითადი პროდუქტებია – ხორბალი, სიმინდი, სოიო და სხვა, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე ძალიან არის გაძვირებული. რის შემოტანაც ისევ შესაძლებელია, მათზე ფასები 60%-ით არის გაზრდილი, ბევრი რამის შემოტანა კი უბრალოდ, აღარ შეიძლება. პრობლემა შეიქმნა შროტის და ზეთის შემოტანაზე. გაძვირდა შემოტანა და გაძვირდა ყველაფერი. ჩაიკეტა ორი მთავარი მომწოდებელი – რუსეთი და უკრაინა. რამდენადაც ვიცი, ბევრი პატარა საწარმო გაჩერდა ამ ყველაფრის გამო”, – ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.
მისივე განმარტებით, სექტორში კატასტროფული მდგომარეობაა, რაც ცხადია, უკვე აისახა ფასებზეც, “მაგრამ იმასაც გააჩნია, რომელი საწარმო როგორ უძლებს ამას.”
● საქართველოში საწვავის ფასი ანტირეკორდს ხსნის
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● საქართველოში საარსებო მინიმუმი 231 ლარია, სავაჭრო ბრუნვა კი 49 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს მთავრობა გაზრდილ ფასებს და ინფლაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრას აბრალებს. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა.
“მაგალითად, აშშ-ში ბოლო 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, ხოლო გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. მისივე თქმით, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას.”
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი, ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ბუნებრივია, ამას ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე: ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზე“. – თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებელი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 2006 წლის პერიოდსაც შეადარა:
“მე არ მინდა, კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.“