საქართველოში ასტრაზენეკით ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში “ასტრაზენეკით” ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ექსპერტთა საბჭომ მიიღო.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპის წამლების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ასტრაზენეკასთან დაკავშირებით – სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ვაქცინა საფრთხის შემცველი არ არის და მას მეტი სარგებელი აქვს ვიდრე რისკი:
“ცოტა ხნის წინ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან შევიტყვეთ ასტრაზენეკასთან დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს ასტრაზენეკას მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება”.
ასტრაზენეკას ვაქცინის შესაძლო შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც დღეს ახალციხეში, ვაქცინით აცრით შემდეგ, 27 წლის ექთანი კომაში ჩავარდა და მძიმე მდგომარეობის გამო, მისი ჰოსპიტალიზაცია თბილისში მოხდა.
ამჟამად ექთანი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზეა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები უკვე ჩაუტარდა და მის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
რატიანის თქმით, ექიმების მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას პაციენტი გამოყვანილი შოკური მდგომარეობიდან და დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, მისი თქმით, სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად, ვაქცინების შემთხვევაში ძალიან იშვიათად, მილიონიდან საშუალოდ ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.