საქართველოს სკოლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება. არ მოიხსნება შეზღუდვა ტრანსპორტზეც
15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. ძალაში რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვაც, რომელიც 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, შეზღუდვა შეეხება როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. ასევე, 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებს კერძო და სახელმწიფო ბაღები.
როგორც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, 4 ოქტომბერს სასწავლებლების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომას გამოიყენებენ, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება სასწავლო ოთახებში. ამასთან, მშობელს შეეძლება აირჩიოს, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს თუ საკლასო ოთახში.
რაც შეეხება უნივერსიტეტებს, გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის. ისინი პრაქტიკულ, ლაბორატორიულ და კლინიკურ კურსებს ჩვეულ რეჟიმში გაივლიან.
_____________________________________________
● საქართველოს პრეზიდენტი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე
● საქართველოში კათოლიკე სასულიერო პირების 83 პროცენტი აცრილია
● ეკლესია და Pfizer-ი: რატომ ჩააგდო საქართველომ ვაქცინაციის კამპანია
_____________________________________________
საქართველოში ახალი შეზღუდვები 14 აგვისტოდან მოქმედებს. შესაბამისად, 14 აგვისტოდან შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ამასთან ერთად იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 80-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია, ხოლო ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 4778 ახალი შემთხვევა და დაიღუპა 79 ადამიანი.