საქართველოს პრეზიდენტი: არ არის გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოუწიოს.
ეს განცხადება მან მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას. ეს ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმ სიტუაციის გამო ჩამოდიან, რაც რუსეთში არის. მაგრამ, ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან საქართველოში. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული, რათა საფრთხე არ გაჩნდეს. მემგონი, რომ მეტი კომუნიკაცია და ჩვენი საზოგადოების მეტი ინფორმირება არის საჭირო, რომ ხელისუფლების მიერ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი რეალურად გათვალისწინებულია და ზომები მიღებულია. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც დღევანდელ პირობებში საკმაოდ ლიბერალურია და რომელიც, შეიძლება, ამ აგრესიის ფონზე ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრამ, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის გადასაწყვეტი საზოგადოებასთან ერთად მისი ინფორმირებით. ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
● სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, დეოლიგარქიზაცია – რა პირობები წაუყენა EU-მ საქართველოს
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა