საქართველოს პრეზიდენტი მმართველს პარტიას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს მუხლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა “პირველი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ასევე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მის არაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც მმართველი პარტია კონსტიტუციის დარღვევად აცხადებდა. პრეზიდენტის თქმით, ამ ვიზიტის დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა უკვე რთული და დაძაბული იყო. მისი მტკიცებით, ვიზიტით კონსტიტუცია არ დაურღვევია:
“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ ყოფილიყო, არ გვეცოდინებოდა შეგვიძლია თუ არა კანდიდატურის მოთხოვნის წარდგენა და რა რეაქციებს მივიღებდით, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე იყო უკვე ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა. ეს ვიზიტი პრობლემატური რომ არ გამხდარიყო, კერძო ვიზიტად გადავაქციე. არ იყო დარღვევა, რადგან გადავაქციე კერძო ვიზიტად”
როგორც პრეზიდენტი ამბობს, მან იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც, მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არღვევს.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რას არღვევს უმრავლესობა, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციაში ვერ დავწინაურდეთ, რაც ” კონსტიტუციის დარღვევაა.”
” ეს არის კონსტიტუციის დარღვევა.” – თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ სურს მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის შეფერხება, ასე უპასუხა: არ ვიცი.
პრეზიდენტის ამ ინტერვიუს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, “ძალიან უხერხულია”, როცა პრეზიდენტი უფლებამოსილებების ზღვარში ვერ ერკვევა.
“78-ე მუხლი არის გარდამავალი დებულება საქართველოს კონსტიტუციის, სადაც კონსტიტუციური ორგანოები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წერია აქტივობაზე და არა შესაძლებლობების განმარტებით, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. აქაც გამოჩნდა, რომ ის მანდცდამაინც ვერ ერკვევა ამ საკითხებში.” – ამბობს დეპუტატი.
ამ წლის მარტში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ 26 მაისს, პრეზიდენტის განცხადება სასამართლოსთან დაკავშირებით სირცხვილია და პრობლემაა, რომ “პრეზიდენტმა არ იცის, რაზე უნდა ისაუბროს საზეიმო დღეს.”
საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “სირცხვილია, რომ საქართველო სამართლის ისტორიას” სათანადოდ ვერ აგრძელებს. მისივე თქმით, ევროპის გზაზე რეალური შანსის გაშვებას საზოგადოება, თაობები არ გვაპატიებენ.
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტია და პრეზიდენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
15 მარტს “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ აქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია და ამის გამო მას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებენ. კონსტიტუციის დარღვევებში შედის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ემანუელ მაკრონთანაც, რომელიც თებერვალში შედგა.
საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით საკონსტიტუციო სასამართლოში ეჩივლათ. მმართველი გუნდის უკმაყოფილება პრეზიდენტის ყოველწლიურმა საპარლამენტო მოხსენებამ გამოიწვია.
ზურაბიშვილი პარლამენტში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა და თან ჰქონდა უკრაინის ომის ამსახველი ფოტოები. ზურაბიშვილმა დეპუტატებს ფეხზე ადგომა და მათი ყურება მოსთხოვა. თავის გამოსვლაში მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება უკრაინასთან დაკავშირებული თავშეკავებული პოლიტიკის გამო: „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს.“ – თქვა მან.