საქართველოს პრეზიდენტი: არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ - მზად უნდა ვიყოთ ახალი პერსპექტივისთვის
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის ომზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის ომის დასრულებიდან 29 წლის თავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველო მზად უნდა იყოს ახალი პერსპექტივისთვის, რადგან “არ შეიძლება გლოვაში ვიცხოვროთ.”
პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი დღე არის “ჩვენს ახლო ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე.” ზურაბიშვილის განმარტებით, ამ დღისა და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა არის “ჩვენთვის ყველასთვის ვალდებულება” და ეს მეხსიერება არასოდეს არ უნდა დაიკარგოს.
“ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ თითქმის 30 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა და ამ ერთმა თაობამ გვაჩვენა ყველას, მე ვფიქრობ, აფხაზეთის მოსახლეობას აჩვენა, რომ არაფრისმომტანი არ იყო ეს 30 წელი თითქმის, არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, არა მისი განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრისმომტანი არ არის.” – აცხადებს ზურაბიშვილი.
ამავე დროს, პრეზიდენტი სარგებლობს “დღევანდელი დღით” და ამბობს, რომ საქართველომ უნდა დაგმოს კატეგორიულად ის რეფერენდუმები, რაც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, “რამეთუ ვიცით რას ნიშნავს ეს რეფერენდუმები როცა ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.”
“ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი და მსოფლიოსთვის მიუღებელია, ცივილიზებული ადამიანებისთვის არის სრულიად მიუღებელი.” – ხაზს უსვამს სალომე ზურაბიშვილი.
● აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი – ქრონოლოგია
● “მაშინ ხალხი მიხვდა, რომ არამხოლოდ საკუთარი თავი, ერთმანეთიც უნდა გადაერჩინათ”. 90-იანი წლების ენერგოკრიზისი საქართველოში
● ბრძოლა და მსხვერპლშეწირვა: საქართველოს უახლესი ისტორიის ნარატივები
კონფლიქტის დაწყების თარიღად 1992 წლის 14 აგვისტო ითვლება, ხოლო კონფლიქტის სამხედრო ფაზის დასასრულად – 1993 წლის 27 სექტემბერი. სხვადასხვა წყაროების თანახმად, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ათასი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.
1994 წელს, მოსკოვში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების განთავისუფლების შესახებ“. ამ შეთანხმების მასშტაბური დარღვევები დღემდე სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.
2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული იყო დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები, სრულად დაკომპლექტებული რუსი სამხედროებით. კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის გარშემო ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ „მესამე სამყაროს“ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.