საქართველოს პრემიერი: ოქტომბრიდან დამშვიდდება სიტუაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კოვდპანდემიის პიკი სავარაუდოდ მალე გადაივლის და სიტუაცია ოქტომბრიდან დასტაბილურდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის აცრები.
“ჩვენ მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი ერთჯერადად იქნება აცრილი, ზოგი – ორჯერადად, ალბათ მილიონს უკვე გატანილი ექნება და აქვს კიდევაც და საბოლოო ჯამში, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, კიდევ ერთხელ უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია”, – ამბობს ღარიბაშვილი.
პანდემიის მეოთხე ტალღაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც. გაბუნიას განმარტებით, საქართველომ პიკი გარკვეულწილად გადაიარა, ახლა კი დაღმასვლის ეტაპი დაიწყება:
“აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა და ამდენად, პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ არ მოხდეს კვლავაც ესკალაცია.”
გაბუნიამ ისაუბრა გარდაცვალების კატასტროფულად მომატებულ მაჩვენებელზეც. მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ორი კვირაა ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას მოყვება გარდაცვალების სტაბილიზაცია.
“ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სქართველოს სკოლებში სწავლა ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურებამდე არ დაიწყება:
“ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება. ასევე ვაქცინაციის სტატუსი – პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაცქინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა.”

_____________________________________________
● საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
● Covid-19-ის მეოთხე ტალღა – რა ხდება საქართველოში. ბოლო მონაცემები
● საქართველოში საველე ჰოსპიტლებმა დაიწყო მუშაობა
________________________________________________
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 80-მდე გარდაცვალების შემთხვევაა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და დაფიქსირდა ინფიცირების 1915 შემთხვევა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.
ბოლო ერთი კვირაა, ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტია.