საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 83 ხმით დაამტკიცა კანონი “ამნისტიის შესახებ”.
პროექტის ავტორის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს და 10 ათასამდე პრობაციონერს შეეხება.
“ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს აღუდგებათ უფლებები და ასეთთა რიცხვი კიდევ უფრო მეტი იქნება. რაც შეეხება 2012 წლამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს ამასთან მიმართებაში დაახლოებით 4 ათასს გადააჭარბებს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ეს ამნისტია შეეხება”, – განაცხადა სარჯველაძემ.
კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პატიმრების გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს დანაშაული.
ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის ისეთ მუხლებს, როგორებიცაა ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება, ნარკოდანაშაული (გარდა გასაღებისა) და სხვა – სულ 44 მუხლი.
ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც უვადოდ იხდიან სასჯელს.
სარჯველაძის განმარტებით, ასეთი პატიმარი საქართველოში სულ სამია და მათ სასჯელის ზომა გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით.
ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას.
______________________________________________________________________________
● კორონავირუსი ციხეში. პატიმართა ნათესავები ამბობენ, რომ ვითარება მძიმეა