ვის ეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში წარადგინა
ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა პარლამენტში, ითვალისწინებს იმ პატიმრების გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს დანაშაული.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი არ შეეხება მკვლელობასა და ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებულებს.
ამნისტიას დაექვემდებარება შემდეგი დანაშაულები:
● ქურდობა
● ფალსიფიკაცია
● ქონების დაზიანება
● სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები
● ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა)
მთლიანობაში ამნისტია შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინიციატივა რამდენიმე პრინციპულ მიდგომას გულისხმობს:
ქონებრივი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული დანაშაულის შემთხვევაში პირი სასჯელისგან გათავისუფლდება თუ აანაზღაურებს ქონებრივ ზიანს დაზარალებულის თანხმობით.
ამნისტია შეეხებათ იმ პირებსაც, რომლებიც უვადოდ იხდიან სასჯელს.
სარჯველაძის თქმით, ასეთი პატიმარი საქართველოში სულ სამია და მათ სასჯელის ზომა გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით.
შეეხებათ თუ არა ამნისტია პოლიტიკურ პატიმრებს?
ამაზე სარჯველაძეს პირდაპირი პასუხი არ აქვს.
სარჯველაძის თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში არ არის მუხლები, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულებს მოიცავს.
სწორედ ამიტომ, ამნისტია სავარაუდოდ, არ შეეხება “გარეჯის საქმეზე” დაკავებულ კარტოგრაფებს.
„მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, იმ მუხლთან დაკავშირებით ამნისტიაში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, აქ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ეს მუხლი გათვალისწინებული არ გახლავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ის ამბობს, რომ პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი, სავარაუდოდ, არ შეეხება არც “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას, რომელიც იარაღის შენახვა/ტარების გამო, სასჯელს ამ დრომდე იხდის.
__________________________
● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური
● გიორგი რურუას არ შევიწყალებ – სალომე ზურაბიშვილი
● პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი მამალაძე არ შეიწყალა
__________________________
რას ამბობს ოპოზიცია
“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა, შესაძლოა, კრიმინალებისთვის ვალის დაბრუნების აქტი იყოს, რადგან 2020-ის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამაც. მისი თქმით, ეს ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს, შესაბამისად, ის უნდა შეეხოს გიორგი რურუასაც.
“თუ ამნისტია რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრავებლად“, – აცხადებს უგულავა.