საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად პარლამენტს წარედგინება შალვა პაპუაშვილის თანამდებობა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
კახა კუჭავას განმარტებით, გადადგომის გადაწყვეტილებას უკვე ერთი თვეა განიხილავს. ის მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოში სხვა პროექტს უხელმძღვანელებს, რომლის შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“რა თქმა უნდა ეს არ არის, ორი- სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი, მე შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლისტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ირაკლიმ ახსენა, დეტალებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ მიმართულებაზე, რასაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რაც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით… ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გუნდს და პირადად ირაკლი კობახიძეს, დარწმუნებული ვარ შალვა პაპუაშვილი წარმატებით გაართმევს თავს და მე მინდა მას წარმატება ვუსურვო” – განაცხადა კახა კუჭავამ.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარე 2021 წლის 27 აპრილიდანაა, მან პოსტზე 8 თვე დაყო. მისი შემცვლელი შალვა პაპუაშვილი კი აქამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
“შალვას განსაკუთრებული წარდგენა, ბუნებრივია, არ სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ის არის სამართლის დოქტორი, სადოქტორო დისერტაცია მას დაცული აქვს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე მუშაობდა უნივერსიტეტებში პროფესორის თანამდებობაზე. დღემდე შალვა იყო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და აქტიურად იყო ჩართული მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის შარშან მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა.” – თქვა ირაკლი კობახიძემ.
● “ქართული ოცნება” კონსტიტუციის ცვლილებას და ბარიერის 2%-მდე დაწევას აღარ აპირებს
● ექვსმა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი გახარიას გუნდის წევრები არიან
● “პროცესი წინაპირობების გარეშე” – საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს უმასპინძლა
შალვა პაპუაშვილი უკვე მეოთხე თავმჯდომარეა 2016 წლის შემდეგ. ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დატოვა, მისმა შემცვლელმა არჩილ თალაკვაძემ კი შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ – მიზეზად თალაკვაძემ სწორედ მიშელთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა დაასახელა.
„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება”, – განაცხადა მაშინ თალაკვაძემ, რომელიც სწორედ კახა კუჭავამ შეცვალა.