საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა და პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გადაინაცვლა. ამის შესახებ ტიკარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს გაწეული თანამშრომლობისთვის.
ტიკარაძემ ისაუბრა მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე. მისი თქმით, მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა იყო დიდი პასუხისმგებლობა.
“3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.
ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეული განვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ ვინ შეცვლის გადამდგარ მინისტრს.
● ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წამლის ფასი დიდი ტვირთია საქართველოს მოსახლეობისთვის
● როგორ მუშაობს ქართული კოვიდ-პასპორტი და რა გვჭირდება სამოგზაუროდ
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. მან ამ პოსტზე დავით სერგეენკო შეცვალა. მისი მინისტრობა გლობალურ პანდემიას დაემთხვა და მინისტრის მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს იყო.
ტიკარაძეს ბოლო პერიოდში ე.წ მწვანე პასპორტთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა. მინისტრს მიაჩნდა, რომ ე.წ მწვანე სტატუსი უვადოდ არ უნდა მინიჭებოდა მათ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა.
ასევე, მინისტრი საუბრობდა “მწვანე პასპორტის” გამოყენების აუცილებლობაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მისი თქმით, თუ ახალი შტამი დაფიქსირდება, მნიშვნელოვნად გამკაცრდება კონტროლი და რეკომენდაციები. ასევე, ტიკარაძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭო გადის კონსულტაციებს, თუ როგორ შეიძლება აღსრულდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ე.წ. მწვანე საშვი, რადგან ჯერ-ჯერობით “ეს იქნება მხოლოდ ფიქტიური რეგულაცია.”