ჯანდაცვის მინისტრის თქმით, წამლის ფასი დიდი ტვირთია საქართველოს მოსახლეობისთვის
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, წამლის ფასი მოსახლეობისთვის დიდი ტვირთია და ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.
ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, რომელზეც მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„შეხვედრის მთავარი მიზანი იყო როგორც წამლის ხარისხი, ასევე წამლის ფასი, რომელიც უკვე წლებია ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობისთვის და ასევე, ზოგადად ჯანდაცვის სისტემისთვის.
მნიშვნელოვანი იყო დაგვენახა ამ ბაზრის პრობლემა სხვა ჭრილში და აქედან გამომდინარე ჩავრთეთ კონკურენციის სააგენტო. სამუშაო ჯგუფების ფორმატში, გავაგრძელებთ უკვე თითოეული მხარის მხრიდან დანახული პრობლემატიკის შეჯერებას და ამის მიხედვით გავიტანთ იმ მნიშვნელოვან კანონს, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, როგორც წამლების ფასის, ასევე ხარისხის კუთხით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● ეროვნული ბანკის პრეზიდენტი: ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით
რამდენიმე დღის წინ, კონკურენციის სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯები მომხმარებლების ნაკლები ინფორმირებულობითაა განპირობებული, რადგან შედარებით იაფი გენერიკული ჩამნაცვლებელი მედიკამენტების არსებობის შესახებ მომხმარებლებს ინფორმაცია არ აქვთ.
სააგენტომ 6 ჯგუფის მედიკამენტების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ბრენდირებული მედიკამენტების გენერიკებით ჩანაცვლების შემთხვევაში, პაციენტი 2016-2020 წლებში საშუალოდ 16 მილიონ ლარს დაზოგავდა.
„მედიკამენტის არჩევისას საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად, რეცეპტი ელექტრონული უნდა იყოს და მასში ძირითად მედიკამენტთან ერთად ჩამნაცვლებელი გენერიკული მედიკამენტიც უნდა იყოს მითითებული, რაც გენერიკების წილის ზრდას და შესაბამისად, დანახარჯების კლებას შეუწყობს ხელს“,– განმარტავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წლის ბოლოს გახდება ცნობილი. სწორედ ამ ანგარიშის საფუძველზე აპირებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მედიკამენტების გაზრდილი ფასის პრობლემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.