ეროვნული ბანკი: საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა
საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის საბანკო სექტორი მდგრადობას მკაცრი და ექსტრემალური რისკ-სცენარების შემთხვევაშიც ინარჩუნებს.
“რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა”, – აცხადებენ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტში.
მათივე განმარტებით, პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა.
“აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ეროვნული ბანკის ცნობით, ისინი განაგრძობენ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, “საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას” და შესაძლო რისკების მინიმიზაციას.
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3.386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2.363 მოქალაქე დარეგისტრირდა.
უცნობია რა სექტორებში საქმიანობენ აღნიშნული ინდმეწარმეები, თუმცა იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი “ინდივიდუალური მეწარმის” რეგისტრაციაა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბელარუსის და რუსეთის ასობით მოქალაქე დგება რიგში.
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველო არ უერთდება სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს, რადგან ეს „ეროვნულ ინტერესებს“ ეწინააღმდეგება.
ამასთან, პრეზიდენტი და ცალკეული დეპარტამენტები საპირისპიროს ამტკიცებენ – საქართველო იცავს დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ყველა სანქციას და არ დაუშვებს, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გამოიყენონ.