საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნას ზაფხულში გეგმავს
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნას ზაფხულში გეგმავს. მისივე განმარტებით, საზღვრების გახსნა საშუალებას მისცემს ტურისტებს მეზობელი ქვეყნებიდან უფრო აქტიურად ჩამოვიდნენ საქართველოში.
ნათია თურნავა მადრიდში გამართულ FITUR-2021 საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელიც 19-დან 23 მაისამდე გაგრძელდება და რომლის პარტნიორიც წელს საქართველოა. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
”მადრიდში ჩატარებულ გამოფენაზე ჩვენ დავინახეთ ევროპელ ტურისტებში გაზრდილი ინტერესი საქართველოს მიმართ სახმელეთო საზღვრების გახსნა ხელს შეუწყობს ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რაზეც ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ უსაფრთხოდ გავხსნით სახმელეთო საზღვრებს, ისევე, როგორც საჰაერო საზღვრებს”,– განაცხადა თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში ტურიზმი აღდგება იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს თავიდან იყო მოსალოდნელი ყველაზე პესიმისტური პროგნოზებითაც კი:
“რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაიწყო, ძალიან კარგი განწყობაა, ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი უკვე ჩამოდის ჩვენთან.”
მისი თქმით, გაიზარდა იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან.
მინისტრი შეეხო ფრენებსაც და განმარტა, რომ საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე ყოველ კვირას ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია იზრდება, ისევე როგორც ავიაკომპანიების რაოდენობა. უახლოეს მომავალში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings- ი საქართველოში ფრენას დაიწყებს.
_______________________________
● ზაფხული ახლოვდება. ჩამოვლენ თუ არა ტურისტები საქართველოში?
● საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
● ლარსი. ვიწრო გზა საქართველოდან რუსეთისკენ
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
● თებერვლიდან საქართველოში შემოსვლა ახალი, გამარტივებული წესებით მოხდება
__________________________________
მეორე წელია, ქვეყანაში, რომელიც ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს, პანდემიის გამო ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია. მთავარი კითხვაა – ჩამოვლენ თუ არა ტურისტები წელს საქართველოში?
ჩავარდა ბოლო ზამთრის სეზონიც, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა კურორტი დახურული იყო.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას გადის. აპრილიდან ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და დღეში ორი ათასამდე შემთხვევაა, ყოველდღიურად 30-მდე ადამიანი იღუპება, ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი – საღამოს 23:00 საათიდან დილის 4:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც მანქანით, ისე ფეხით.
რესტორატორების ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, კაფე-რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მხოლოდ გარე სივრცეებში მისცეს.