“როცა საჭიროდ ჩავთვლით, დაბრუნდება” - უკრაინიდან გამოწვეული ელჩი ისევ თბილისშია
საქართველოს ელჩი უკრაინაში, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო კონსულტაციებისთვის თბილისში 8 მაისს გამოიძახეს, ისევ საქართველოშია.
უკვე სამ თვეზე მეტია, რაც საქართველოს დიპლომატიური უწყება უკრაინაში ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადწყვეტილება ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობას აზიანებს და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაფუჭება ახლა მხოლოდ რუსეთის ინტერესშია.
“სამწუხაროა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში ჯერ კიდევ თბილისში რჩება. ეს არ ეხმარება ვითარებას,“ – ამბობს უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი.
• მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
• უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით კი, ის ფაქტი, რომ საქართველოს თითქმის 4 თვეა გამოწვეული ჰყავს ელჩი უკრაინიდან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფრთხეს არ უქმნის:
“არ უქმნის საფრთხეს. მე მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან. მუდმივად ვარ მასთან კავშირზე. უკრაინელებმა იციან ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია და ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, ის აუცილებლად დაბრუნდება”, – აცხადებს ზალკალიანი.
“უკრაინიდან ელჩის გამოწვევა იყო წინდაუხედავი ნაბიჯი. ეს ხელს არ უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებას და არც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის პრინციპებს მიესადაგება,” – ამბობს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “უკრაინასთან ურთიერთობის დაძაბვა დანაშაულია.”
“ელჩის გამოწვევა ძალიან პრობლემატურია ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობისთვის,” – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე, – “ეს არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. პირიქით, “ქართულმა ოცნებამ” ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო: ჩვენ არ გვახსოვს არცერთი მაღალი დონის ვიზიტი პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკრაინაში და ეს არის გაგრძელება ამ სრულიად უგუნური პოლიტიკისა.”
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.
უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის 8 მაისს გამოიძახეს. ის თბილისში 11 მაისს ჩამოვიდა და მას შემდეგ ისევ საქართველოში იმყოფება.
როდის დაუბრუნდება შარაშენიძე სამსახურს, უცნობია.