საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის სანქციების პაკეტზე მუშაობს.
სამხარაძის თქმით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უკვე შეუძლებელია, ამიტომ მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა როგორც სანქციების პაკეტზე, ასევე ერთობლივ პასუხზე ნატოს მხრიდან რუსეთის ამ აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ის კონგრესის წევრებთან შეხვედრისას კავკასიის რეგიონში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე და საქართველოს თავდაცვითი ძალების გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაც.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამერიკა სწორად აღიქვამს რუსეთისგან მომავალ საფრთხეებს.
„შეხვედრებისას საქართველოს დელეგაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ ახლა ნამდვილად არის მოქმედების დრო ამ შეხვედრების დროს გამოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სწორად აღიქვამს რეგიონში არსებულ ვითარებას, იმ საფრთხეებს რომლებიც გარედან მომდინარეობს“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
● საქართველოს საგარეო უწყება: NATO-ში გაწევრიანება ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა
● რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ 3+3 ფორმატისთვის საქართველოსთვის კარი ღია რჩება
● ჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, მიუღებლად მიიჩნევს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ნატოში გაწევრიანების მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც. მათივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე.
ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით ამბობს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები.