საპარლამენტო ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა
გაზიარება
გაზიარება
საპარლამენტო ოპოზიცია
საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ოპოზიციონერებმა “ქართულ ოცნებასაც” მიმართეს და მოუწოდეს, უარი არ თქვან სხდომაში მონაწილეობაზე.
მათი თქმით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
“ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება. ” – ვკითხულობთ მიმართვაში.
ოპოზიციის განმარტებით, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, “თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.”
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას ხელს აწერს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “რესპუბლიკური პარტია”, “საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშებელი”, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია და დავით ბაქრაძე.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.