საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.
“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
19 ივნისს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბერს განაჩენი და დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები.
ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ეპიზოდზე, რომელშიც მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან.
“მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმე მოხვდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშიც. დოკუმენტის ქვეთავებში, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებსა და გამოხატვის თავისუფლება ეხება, საუბარია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.
თეთრი სახლი Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას საქმემ გამოავლინა “მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში”, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას.