CRRC: საქართველოში ნარკოტიკებით ონლაინ ვაჭრობის დღიური ბრუნვა 8 000 აშშ დოლარს აღემატება
საქართველოში ონლაინ პლატრფორმებზე ნარკოტიკების გაყიდვასთან დაკავშირებული ბრუნვა დღიურად 8 000 ამერიკულ დოლარს აღემატება. ამის შესახებ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში უკანონო ნარკოტიკების ონლაინ ბაზრებს სწავლობდა.
დოკუმენტში მოყვანილია ერთ-ერთი კრიპტომარკეტის 6-თვიანი კვლევის შედეგები, რომელიც ნარკოტიკებით ანონიმური ვაჭრობისთვის გამოიყენება საქართველოში და დსთ-ს ქვეყნებში.
194 დღის განმავლობაში, 16 სახეობის უნიკალური ნივთიერების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 1.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
კვლევის თანახმად, ყოველდღიურად თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საიმედო სამალავებში, დაახლოებით 35 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ნივთიერებები ინახება. შემოსავლის მოცულობა შედარებისთვის აღემატება ესპანეთის და ბელგიის გაერთიანებულ მაჩვენებელს.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საშუალო დღიურმა ბრუნვამ თებერვალში, Covid-19 გავრცელებასთან ერთად თითქმის ორჯერ იკლო. შედარებისთვის, კრიზისამდე საბაზისო დღიური მოცულობა 15 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, მარტი-აგვისტოს პერიოდში კი – 7 500.
გაყიდვების უმეტესობა მოდის მარიხუანაზე, კოკაინზე და MDMA-ზე. მარიხუანას წილი საერთო გაყიდვებიდან 56%-ია.
აღსანიშნავია, რომ კვლევა არ მოიცავს სხვა, მათ შორის მესენჯერულ პლატფორმებზე არალეგალური ნარკოტიკებით ვაჭრობის მონაცემებს.