აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია და საქართველოში რუსეთის გავლენას აკვირდებიან.
ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
“ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, – აღნიშნა გენერალმა ბრაუნმა.
20 მაისს, გამოცემა Politico-მ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ს კონგრესში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც “რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონს” მხარი დაუჭირეს.
გამოცემის მიხედვით, კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც Politico-ს წყარო გაეცნო, მმართველ პარტიას აფრთხილებს, რომ ქართული ოცნება “მზარდად და სამწუხაროდ დაკავებულია რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკის შეთანხმებით”.
იმავე დღეს, Politico-მ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ანტიდემოკრატიულ კურსზე უარის თქმის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
კანონპროექტის სახელია MEGOBARI (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოში ანგარიშვალდებულების, სიმტკიცისა და დამოუკიდებლობის აშენების მიზნით შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაფართოების აქტი).
პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ “საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი თავისი დემოკრატიის აღორძინების მიმართულებით, რაც დასტურდება მინიმუმ არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემოთი.”