სად შეგიძლიათ ჩასვლა ქართული პასპორტით? - ინტერაქტიური რუკა
სად შეგიძლიათ ჩასვლა ქართული პასპორტით
11 იანვარს, ბრიტანულმა კომპანიამ Henley & Partners-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2023 წლის პასპორტების რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა. ასევე გამოქვეყნდა Passport Index-ის მონაცემები, რომელიც აფასებს ქვეყნების პასპორტების შესაძლებლობებს – თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლიათ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 75 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. 52 ქვეყანაში ვიზის აღება ჩასვლისას არის შესაძლებელი, ხოლო 71 ქვეყანაში შესვლისთვის ვიზა საჭიროა.
Passport Index-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე თავისუფლად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე შეუძლიათ მოგზაურობა.
წყარო: passportindex.org
● “ჩივნინგის” სტიპენდიის არსებობა აფხაზეთში – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
● ევროპარლამენტმა ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა
● სავიზო რეჟიმი რუსეთთან – კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე ინიციირებულია
აღსანიშნავია, რომ Henley & Partners-ის მიხედვით, ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონიის პასპორტია. ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა 193 ქვეყანაში შეუძლიათ. იაპონიას უკან მოსდევენ სამხრეთ კორეა და სინგაპური – 192 უვიზო რეჟიმით.
მსოფლიოში ყველაზე სუსტ პასპორტად ავღანეთის პასპორტი დასახელდა, რომლის მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება მხოლოდ 27 ქვეყანაში შეუძლიათ.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პრობლემების მიუხედავად, ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საფრთხე არ დგას.
• ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად საქართველოში არსებულ უმუშევრობას ასახელებენ. ასევე ევროპაში საქართველოს ბევრი მოქალაქე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
• მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ევროპაში ქართული კრიმინალი – როგორც ორგანიზებული, ისე წვრილმანი ქურდობები. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები გასულ წელს თბილისშიც კი იყვნენ და საქართველოს შს მინისტრს ქმედითი ზომების გატარება მოსთხოვეს.