ძალადობის გახშირებული ბრალდებები: Amnesty და საია ციხეებში დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ
ძალადობა ციხეებში საქართველო
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყოს ციხეებში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ბრალდებების დამოუკიდებელი გამოძიება და შექმნას ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმები.
ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობები გახშირდა. მათ შორის სექსუალური ძალადობის, ცემისა და მუქარის ბრალდებები.
ასევე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ძალადობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ პატიმრების მიმართ სავარაუდო ანგარიშსწორება.
ერთობლივ განცხადებაში ორგანიზაციები გიორგი დავითაძის, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების, ლაშა ჩაჩანიძისა და სხვა პატიმრების საქმეებზე ამახვილებენ ყურადღებას.
მათი შეფასებით, ასევე კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან ფაქტების ნაადრევი უარყოფაც და მათი სათანადო გამოუძიებლობაც.
ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, „გაარღვიოს დაუსჯელობის წრე და შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა“.
გიორგი დავითაძის საქმე და სექსუალური ძალადობის ბრალდებები
2026 წლის 2 ოქტომბერს მედიაში გავრცელდა სასამართლო სხდომის ჩანაწერი, რომელშიც პატიმარმა გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე სექსუალურად იძალადეს. მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს რუსთავის №6 დაწესებულების დეესკალაციის ოთახში თანამშრომელმა მას ანუსში თითი შეუყვანა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო და სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გამოაქვეყნა. უწყების თქმით, იძულებითი შემოწმება პროცედურის დაცვით ჩატარდა მას შემდეგ, რაც პატიმარმა შემოწმებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.
უხმო ჩანაწერზე ჩანს, როგორ აკავებს დავითაძეს რამდენიმე თანამშრომელი, აწვენს მუცლით საწოლზე და მის უკან დგება. თანამშრომლები პატიმარს ნაწილობრივ ფარავენ, ამიტომ მათი მოქმედებების სრულად შეფასება შეუძლებელია.
ადვოკატების თქმით, სამსახურმა დაახლოებით 20-წუთიანი ჩანაწერიდან მხოლოდ მოკლე ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ოთახში მეორე კამერაც იყო, რომლის ჩანაწერიც პროკურატურას არ ამოუღია.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ადვოკატმა ძალადობის შესახებ 2025 წლის 26 დეკემბერს განაცხადა, პროკურატურამ კი გამოძიება 29 დეკემბერს დაიწყო. პროკურატურის თქმით, ათეულობით მოწმე დაიკითხა, დავითაძემ კი 2026 წლის 12 იანვარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე უარი თქვა.
ადვოკატები განმარტავენ, რომ შეთავაზებული ექსპერტიზა მხოლოდ ფიზიკურ დაზიანებებს ადგენდა და არა სავარაუდო გაუპატიურებას.
Amnesty International-ისა და საიას შეფასებით, გამოქვეყნებული ვიდეო ვერ ადგენს, რა მოხდა ოთახში. ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ სექსუალური ძალადობის ბრალდებისას ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შეფასება.
ადვოკატის ინფორმაციით, დავითაძე განმეორებით განიცდიდა დამცირებასა და მუქარას. მისი თქმით, პატიმარს თმა სანახევროდ გადაპარსეს, საკანში გათბობა განზრახ გამოურთეს და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. მუქარა ოჯახის წევრებსა და შვილებსაც ეხებოდა. 13 ოქტომბერს ადვოკატმა განაცხადა, რომ ორმა თანამშრომელმა პატიმარს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტელევიზორი ჩამოართვა.
ორგანიზაციების ცნობით, ადმინისტრაციას არ შეუზღუდავს იმ თანამშრომლების წვდომა დავითაძესთან, რომლებსაც პატიმარი ძალადობაში ადანაშაულებს. მათი მოთხოვნით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ დეკემბრის ინციდენტი, არამედ განმეორებითი მუქარისა და დამცირების ყველა ბრალდება.
პატიმრების მიმართ სავარაუდო ანგარიშსწორება
ორგანიზაციები ცალკე ეხებიან რუსთავის №6 დაწესებულების პატიმრებს, რომლებმაც დავითაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი განცხადებების გასაჯაროების შემდეგ რამდენიმე პატიმარმა პროტესტი გამოხატა, მათ შორის საკნებიდან ხმაურით. ამას მოჰყვა ცნობები ცემის, დეესკალაციის საკნებში მოთავსებისა და სხვა დაწესებულებებში გადაყვანის შესახებ.
ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამშრომლებმა მის კლიენტსა და კიდევ ოთხ პატიმარს პროტესტის გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატის თქმით, ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს ხელებსა და ფეხებზე ხელკეტებით სცემეს. ბათუმის №3 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ მას თვალსაჩინო დაზიანებები აღენიშნებოდა.
16 ოქტომბერს კიდევ ერთმა პატიმარმა, ბექა ცერცვაძემ, განაცხადა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას თანამშრომლებმა სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ცემა უარყო. უწყების თქმით, სულ მცირე ოთხი პატიმრის დეესკალაციის საკნებში მოთავსება კანონიერი უსაფრთხოების ზომა იყო. სამსახურის თქმით, ეს ზომა 2 და 4 ოქტომბერს თანამშრომლებზე თავდასხმებს მოჰყვა და პროტესტთან კავშირი არ ჰქონია.
სამსახურმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელზეც ორ შემთხვევაში პატიმრები თანამშრომლებს ფიზიკურად ესხმიან თავს.
Amnesty International და საია აღნიშნავენ, რომ ციხე ვალდებულია, პერსონალიც და პატიმრებიც ძალადობისგან დაიცვას. თუმცა მათი თქმით, პატიმრების სავარაუდო გადაცდომა საპასუხო ძალადობას ვერ ამართლებს.
ძალა მხოლოდ მკაცრი აუცილებლობისას და თანაზომიერად უნდა გამოიყენონ. შემზღუდველი ზომები კი არ უნდა იქცეს სასჯელად იმ პატიმრებისთვის, რომლებიც საჩივრებს წარადგენენ ან სხვებს სოლიდარობას უცხადებენ.
განცხადებაში ასევე მოყვანილია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასება. 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ანგარიშში კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ციხეებში დეესკალაციის საკნების ხშირი და ზოგჯერ ხანგრძლივი გამოყენების გამო. CPT-მ გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ასეთი მოთავსება პრაქტიკაში დასჯის ტოლფასი შეიძლება გახდეს. კომიტეტის პოზიციით, დეესკალაციის საკნები მხოლოდ აღგზნებული ან აგრესიული პატიმრებისთვის, რაც შეიძლება მოკლე ვადით და სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობით უნდა გამოიყენებოდეს.
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმე
ახალი შეშფოთების საფუძველი გახდა დავით ფეიქრიშვილის საქმე. 2026 წლის 20 ოქტომბერს მისმა ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა, განაცხადა, რომ ფეიქრიშვილს 16 ოქტომბრიდან მოყოლებული გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამესაკნეები არაერთხელ გაუსწორდნენ.
ადვოკატის ინფორმაციით, პატიმარს ოთხი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, დაზიანებული ჰქონდა თავის ქალისა და სახის ძვლები და სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. ფეიქრიშვილი 19 ოქტომბერს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო პერსონალმა მრავლობითი დაზიანებები დაადასტურა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 19 ოქტომბერს თავდაპირველად სავარაუდო ცემის ფაქტი უარყო. მომდევნო დღეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
22 ოქტომბერს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ფეიქრიშვილის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და პროკურატურას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
26 ოქტომბერს პროკურატურამ მედიას აცნობა, რომ საქმე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. ამასთან, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
რეკომენდაციის საფუძველზე პატარიძემ თანამდებობა დატოვა და სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა.
ორგანიზაციების შეფასებით, ფეიქრიშვილის საქმეზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოში წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ბრალდებების ეფექტიანი გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების პრობლემას. ისინი ამ შეშფოთებას უკავშირებენ, მათ შორის, 2024 წლიდან დაკავებული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
ორგანიზაციები ხელისუფლებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებენ
Amnesty International და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევენ, რომ წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნო ბრალდებები სწრაფად, საფუძვლიანად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა შესაბამისი მტკიცებულების მოპოვება, სავარაუდო მსხვერპლთა დაცვა და იმ პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, რომელთა პასუხისმგებლობის დასადგენად საკმარისი საფუძველი არსებობს.
ორგანიზაციები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, გადახედოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრაქტიკას, საჩივრების განხილვის პროცედურებსა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიებს.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაარღვიოს დაუსჯელობის ეს წრე; შექმნას ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელსაც ჭეშმარიტად შეეძლება ძალადობის ეფექტიანად და დამოუკიდებლად აღკვეთა; შექმნას საჩივრების ნამდვილად დამოუკიდებელი განხილვის მექანიზმები და დაზარალებულები უზრუნველყოს გარანტირებული სამართლიანობითა და კომპენსაციით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.