ექვსთითიანი ტროლები ხელისუფლების სამსახურში: „მითების დეტექტორმა“ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინა
ტროლების კოორდინირება
„მითების დეტექტორმა“ სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქგვერდების მონიტორინგის შედეგად ე.წ. ტროლების ახალი ქსელი – 445 ყალბი ანგარიში გამოავლინა.
ანგარიშები კოორდინირებულად იწონებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის პოსტებს.
ეს პოსტები ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, საქართველოს შიდა საქმეებში დასავლეთის ჩარევასა და სუვერენიტეტის შეზღუდვას ეხებოდა. „მითების დეტექტორის“ შეფასებით, ასე იქმნებოდა ხელისუფლების გზავნილების ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმიტაცია.
ორგანიზაციის წინა კვლევაში 434 ასეთი პროფილი იყო. “მითების დეტექტორის” დასკვნით, ახალი ანგარიშების გაჩენა ნიშნავს, რომ ეს პრაქტიკა გრძელდება.
მონიტორინგმა ყალბი ანგარიშების ქსელში რამდენიმე საერთო მახასიათებელი გამოავლინა:
პროფილის ერთნაირი ფოტოები, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოგრაფიული შეუსაბამობები, განმეორებადი სახელები და გვარები, ასევე ერთნაირი ქცევა სოციალურ ქსელში.
„მითების დეტექტორის“ თანახმად, ანგარიშების უმეტესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 პროფილი 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი 26 აგვისტოს.
გამოვლენილი 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, დანარჩენ 129 შემთხვევაში კი გამოყენებულია ცნობილი ადამიანების, პეიზაჟების, პოსტერებისა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების გამოსახულებები.
ორგანიზაციის ცნობით, ახლად გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ოქტომბერში აღმოჩენილ პროფილებს.
რას “ალაიქებენ” ყალბი ანგარიშები?
„მითების დეტექტორის“ მიერ „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქპოსტებზე რეაქციების ანალიზის მიხედვით, საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ გზავნილებზე ხდებოდა.
კოორდინირებული “ლაიქები” განსაკუთრებით იმ პოსტებზე გამოვლინდა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, დასავლეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვის საკითხებს ეხებოდა.
ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებდნენ ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის პოსტებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხებოდა.
მაგალითად, კოორდინირებული აქტივობა დაფიქსირდა „რუსთავი 2-ის“ პოსტზე, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებდა.
შალვა პაპუაშვილის გზავნილებზე მობილიზებული ანგარიშები მხარს უჭერდნენ მოსაზრებებს, რომ უცხოური ჩარევა საქართველოს თავისუფლებასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
კოორდინირებული მოწონებები ასევე დაფიქსირდა პოსტებზე, სადაც საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დაშლისას გამოყენებულ მეთოდებს აკრიტიკებდნენ და საქართველოს ადარებდნენ.
ანგარიშების აქტივობა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პოსტების ირგვლივ აქტიურობით არ შემოიფარგლება.
„მითების დეტექტორის“ ცნობით, კოორდინირებული მოწონებები ფიქსირდებოდა ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის პოსტებზეც.
[შათირიშვილი მმართველი გუნდისა და მასთან ასოცირებული ანტიდასავლური პლატფორმების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ავტორია. მისი გზავნილები მჭიდროდ ემთხვევა მმართველი პარტიისა და მისი სატელიტი გაერთიანების, „ხალხის ძალის“ ნარატივებს_JAMnews]კოორდინირებული დადებითი რეაქციები ასევე დაფიქსირდა ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ამსახველ პოსტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გაშუქებაზე.
AI გენერირებული ფოტოები და მოპარული იდენტობები
კვლევის თანახმად, ყალბი ანგარიშების დიდი ნაწილი რეალური ადამიანების პროფილების იმიტაციას ცდილობს.
ამისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანების ფოტოები და ბიოგრაფიული მონაცემები, რაც ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალფეროვანი ჯგუფის არსებობის შთაბეჭდილებას ქმნის.
პროფილებში, სამუშაო ადგილებად მითითებულია მუნიციპალური და საჯარო დაწესებულებები, ბანკები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიები, ასევე კრიტიკული მედიასაშუალებები, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და „ტვ პირველიც” კი.
ზოგ შემთხვევაში სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია პროფილის სხვა დეტალებს არ შეესაბამება. მაგალითად, ლევან ქავთარაძის სახელით მოქმედი ანგარიში, რომლის ფოტოზეც პირი რთველში, ავტომობილთან არის გამოსახული, სამუშაო ადგილად პარფიუმერიისა და დეკორატიული კოსმეტიკის მაღაზია „ვულე ვუს“ უთითებს.
ქეთი გიორგაძის პროფილში სამუშაო ადგილად „რადიო თავისუფლებაა“ მითითებული, თემო ხითარიშვილისა და Nutsa Simonia-ს ანგარიშებში კი — TV Pirveli News.

Hive Moderation-ის შეფასებით, 445 ანგარიშიდან გამოვლენილი ფოტოები 90%-ზე მეტი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეფასება 100%-ს აღწევს.
გამოსახულებებში ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ანატომიური ხარვეზები, გარემოს შეუსაბამობები და დამახინჯებული წარწერები გვხვდება. ზოგიერთ ფოტოზე თითების რაოდენობა ან ფორმა არაბუნებრივია, სხვა შემთხვევებში კი შეცვლილია შენობების არქიტექტურული დეტალები, ლოგოები და ეროვნული სიმბოლოები.
სიმონიკო ჯანაშიას სახელით მოქმედი ანგარიშის ფოტოზე გამოსახულ ადამიანს ჭიქაზე მოკიდებულ მარცხენა ხელზე ხუთის ნაცვლად ექვსი თითი აქვს. ფოტოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ასევე ჩანს Google Gemini-ით გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშანი.

სხვა მაგალითებში ღვინის ჭიქაზე მოკიდებულ ხელს ნეკა თითი აკლია, ხელის მტევნები კი არაბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს ან ტანსაცმელს.
Tako Dvalishvili-ს გარეკანის ფოტოზე გამოსახულ პირს წიგნი უჭირავს, თუმცა ყდაზე წარწერა დამახინჯებულია და „საქართველოს ისტორიის“ ნაცვლად გაუგებარი ტექსტი იკითხება.
ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა გეოგრაფიული შეუსაბამობებიც. საქართველოს ცნობილი ადგილების რეალურ გამოსახულებებთან შედარებისას ჩანს, რომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის შენობების არქიტექტურულ დეტალებს, მიმდებარე ლანდშაფტს და ზოგჯერ რეალურად არარსებულ ნაგებობებსაც ამატებს.
ძველი ანგარიშების ვიზუალის გამეორება
კვლევამ აჩვენა, რომ ახლად გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი იმეორებს პროფილის ფოტოებს, რომლებსაც „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში აღმოჩენილი და ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშები იყენებდნენ.
ვიზუალურ დუბლირებას ზოგჯერ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების იდენტური ანატომიური ხარვეზებიც ახლავს. მაგალითად, Tako Chagelia-სა და Nia Gamkrelidze-ს სახელებით მოქმედი დახურული პროფილების ფოტოებზე მეორდება ადრე გამოვლენილი Maiko Vibliani-ს ანგარიშის ფოტოში არსებული თითების დეფექტი.

ანგარიშების ნაწილის ქცევაში სხვა საერთო ნიშნებიც გამოვლინდა: 196 პროფილს მოწონებული აქვს გვერდი Tbilisinews.ge, 14-ს „აი პოლიტიკა“, ხოლო სამს – „Rustavi 2 • რუსთავი 2“. „აი პოლიტიკა“ იმ ყალბ ანგარიშებსაც ჰქონდათ მოწონებული, რომლებიც ორგანიზაციამ წინა კვლევების ფარგლებში გამოავლინა.
საეჭვო პროფილების უმეტესობას მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, ზოგიერთს კი მხოლოდ ერთი ან ორი მეგობარი ჰყავს. ამასთანავე, კვლევაში გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშებიც, რომელთა მეგობრების რაოდენობა 169-დან 4 800-მდე მერყეობს.