სერბეთის პროტესტის ქრონოლოგია: როგორ მივიდა ქვეყანა ვუჩიჩის 12 წლიანი მმართველობის დამარცხებამდე
ვუჩიჩის დამარცხება სერბეთში

სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა 25 ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისი განცხადებით, არჩევნებში “სტუდენტურმა სიამ” გაიმარჯვა.
“შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი დაახლოებით 105.” – თქვა ვუჩიჩმა.
სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომამდე ვუჩიჩის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებს თითქმის ორწლიანი სტუდენტური საპროტესტო ტალღა უძღოდა წინ.
გამოსვლები 2024 წელს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ დაიწყო. ტრაგედიას მაშინ 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეები მომხდარს კორუფციასა და დაუდევრობას უკავშირებდნენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ.
ვუჩიჩის პარტია ქვეყანას 12 წლის განმავლობაში მართავდა.
გიყვებით ქრონოლოგიურად: როგორ დაიწყო სერბეთში პროტესტი, როგორ გადაიქცა სტუდენტურ მოძრაობად, როგორ დაუპირისპირდა ალექსანდარ ვუჩიჩის ხელისუფლებას და როგორ მივიდა ქვეყანა 2026 წლის 25 ოქტომბრის არჩევნებამდე, რომელშიც ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა.
სერბეთი: ნაპერწკლიდან ხელისუფლების ცვლილებამდე
სერბეთის პოლიტიკაში ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი სერბეთის პროგრესული პარტია (SNS) 2012 წლიდან დომინანტურ ძალად ჩამოყალიბდნენ. ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრი 2014 წელს გახდა, პრეზიდენტად კი 2017 წელს აირჩიეს.
ხელისუფლების მხარდამჭერები მას სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გარანტად წარმოაჩენდნენ. კრიტიკოსები კი წლების განმავლობაში საუბრობდნენ ძალაუფლების კონცენტრაციაზე, მედიაზე მმართველი პარტიის გავლენაზე, კორუფციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის პრობლემებზე.
ეს უკმაყოფილება 2024 წლამდე პერიოდულად ქუჩის პროტესტებში ვლინდებოდა, მათ შორის არჩევნების სამართლიანობისა და ლითიუმის მოპოვების პროექტის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ხელისუფლებას ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი მოძრაობის შეჩერება მეტწილად გამოსდიოდა.
2024 წლის 1 ნოემბერი: ტრაგედია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
2024 წლის 1 ნოემბერს, ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის ბეტონის გადახურვა ჩამოინგრა. დაიღუპა 16 ადამიანი.
სადგური მანამდე გარემონტებული იყო, ამიტომ ტრაგედიამ მაშინვე გააჩინა კითხვები: როგორ მოხდა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ჩამოინგრა? ვინ აგებდა პასუხს სამუშაოების ხარისხზე? რამდენად გამჭვირვალე იყო სახელმწიფო შესყიდვები და სარემონტო პროექტი?
კატასტროფის შემდეგ დაიწყო გამოძიება, თუმცა მოქალაქეებისთვის მხოლოდ გამოძიების დაწყება საკმარისი არ აღმოჩნდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ პრობლემა მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობა კი არა, შესაძლო კორუფცია და პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაც იყო. ამასთან, პროექტის დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. სწორედ პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვდნენ პროტესტის მონაწილეები.
16 დაღუპულის ამბავი მხოლოდ გლოვის მიზეზი აღარ იყო, ის სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობის გამოცდად იქცა. ადამიანებს სურდათ გაეგოთ არა მხოლოდ ის, თუ რამ ჩამოანგრია გადახურვა, არამედ ისიც, ვინ დაუშვა შესაძლო დარღვევები და რატომ ვერ იმუშავა კონტროლის სისტემამ.

2024 წლის ნოემბერი: სტუდენტები ქუჩაში გამოდიან
22 ნოემბერს ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მდუმარე აქციაზე თავს დაესხნენ. ინციდენტმა პროტესტს ახალი მიმართულება მისცა: სტუდენტებმა მოითხოვეს თავდამსხმელების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.
მალე უნივერსიტეტების სტუდენტებმა სასწავლო პროცესის ბლოკირება დაიწყეს. მოძრაობა ნოვი-სადიდან და ბელგრადიდან ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
მნიშვნელოვანი იყო ისიც, როგორ იმართებოდა პროტესტი: სტუდენტები გადაწყვეტილებებს საერთო კრებებზე, ე.წ. პლენუმებზე იღებდნენ. მოძრაობას თავიდანვე არ ჰყავდა ერთი ცენტრალური ლიდერი, რომლის ჩამოშორებაც ხელისუფლებას მთელი პროცესის შეჩერების საშუალებას მისცემდა.
რა მოთხოვნები ჰქონდათ სტუდენტებს?
- სადგურის რეკონსტრუქციის შესახებ ყველა შესაბამისი დოკუმენტის გასაჯაროება;
- ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება;
- სტუდენტებზე თავდასხმის მონაწილეთა დასჯა და დაკავებული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მოხსნა;
- უმაღლესი განათლების დაფინანსების 20%-ით გაზრდა.
ანუ მოძრაობა თავიდანვე მხოლოდ მთავრობის გადადგომას არ ითხოვდა, მისი პირველი მიზანი იყო გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება.
დეკემბერში პროტესტი უკვე მხოლოდ ნოვი-სადის ტრაგედიაზე რეაქცია აღარ იყო. უნივერსიტეტების ბლოკადებმა, ყოველდღიურმა აქციებმა და სტუდენტების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერამ მოძრაობას ეროვნული მასშტაბი შესძინა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო გახდა დუმილის წუთები: აქციის მონაწილეები ყოველდღე 11:52 საათზე, იმ დროს, როდესაც გადახურვა ჩამოინგრა, ჩერდებოდნენ დაღუპულთა პატივსაცემად. 16 დაღუპულის ხსოვნას 16-წუთიანი დუმილით მიაგებდნენ პატივს.
მოძრაობის ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ ის პარტიული ოპოზიციის ჩვეულებრივ კამპანიას არ ჰგავდა. სტუდენტები ხაზს უსვამდნენ, რომ მათი მოთხოვნები პოლიტიკური პარტიების ინტერესებს არ უნდა დაქვემდებარებოდა. ამან პროტესტში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ჩართვას შეუწყო ხელი.

2025 წლის იანვარი: პირველი დიდი პოლიტიკური შედეგი
2025 წლის 28 იანვარს პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა. იმავე პერიოდში თანამდებობა დატოვა ნოვი-სადის მერმაც.
ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობა იყო. ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო ეჩვენებინა, რომ ქუჩის მოძრაობას რეალური შედეგი არ მოჰქონდა.
მაგრამ სტუდენტებმა პროტესტი არ შეწყვიტეს. მათი აზრით, ცალკეული თანამდებობის პირების გადადგომა ვერ პასუხობდა მთავარ კითხვებს: ვინ იყო პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რამდენად დამოუკიდებლად მუშაობდა მართლმსაჯულება და როგორ უნდა შეცვლილიყო მმართველობის სისტემა.
აქ მოხდა მნიშვნელოვანი გარდატეხა და პროტესტმა აჩვენა, რომ ხანგრძლივ, ორგანიზებულ და ფართო საზოგადოებრივ მოძრაობას ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ფასის დაკისრება შეეძლო.
სტუდენტებმა ახალი სტრატეგია აირჩიეს და მხოლოდ დედაქალაქში შეკრებების ნაცვლად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაიწყეს მსვლელობები, ველოსიპედებით გადაადგილება და მოქალაქეებთან შეხვედრები.
ეს ტაქტიკა რამდენიმე მიზეზით იყო მნიშვნელოვანი:
- პროტესტი დედაქალაქს გასცდა. მოძრაობამ მცირე ქალაქებისა და რეგიონების მოსახლეობასთანაც დაამყარა კავშირი;
- სტუდენტები საზოგადოების წარმომადგენლებად ჩამოყალიბდნენ. მათ მხარს უჭერდნენ უნივერსიტეტების თანამშრომლები, მასწავლებლები, მოქალაქეები და სხვა პროფესიული ჯგუფები;
- მოძრაობამ საკუთარი კომუნიკაციის ქსელი შექმნა. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა მოქალაქეებმა ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ტრადიციულ მედიაზე აღარ დამოკიდებული გახადეს.
ამ ეტაპზე სტუდენტური პროტესტი უკვე სერბეთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სახალხო მოძრაობად იქცა.

2025 წლის 15 მარტი: ბელგრადის ისტორიული აქცია
15 მარტის აქცია მოძრაობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად იქცა. ბელგრადში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, Archive of Public Gatherings-ის შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 275 000–325 000 იყო. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცილებით დაბალ რიცხვს ასახელებდა. ეს განსხვავება თავადაც გახდა კამათის საგანი.

რატომ იყო ეს აქცია მნიშვნელოვანი?
პირველი: მან აჩვენა, რომ სტუდენტებს მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცის მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
მეორე: ხელისუფლებას დაუპირისპირდა არა მხოლოდ ტრადიციული ოპოზიცია, არამედ მოქალაქეთა ფართო კოალიცია, რომელსაც საერთო მოთხოვნად სამართლიანობა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება ჰქონდა.
მესამე: მოძრაობა უკვე იმდენად ძლიერი იყო, რომ სერბეთის პოლიტიკური მომავლის საკითხის უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა.
აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისგან არ მოდიოდ. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ არსებული სისტემის შეცვლა შესაძლებელია.
2025 წლის გაზაფხული და ზაფხული: მოთხოვნები პოლიტიკურ ბრძოლაში გადაიზარდა
2025 წლის 5 მაისს სტუდენტურმა მოძრაობამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა წამოაყენა. ამით პროტესტის მიზანი კიდევ უფრო გაფართოვდა, ვუჩიჩის ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ პროტესტი სახელმწიფოს დესტაბილიზაციას ემსახურებოდა და მასში უცხოური ძალები მონაწილეობდნენ. სტუდენტების მოძრაობა ამგვარ ბრალდებებს უარყოფდა და თავის მთავარ მიზნებად კორუფციასთან ბრძოლას, დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და სამართლიან არჩევნებს ასახელებდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაძაბულობა იზრდებოდა. იყო დაკავებები, შეტაკებები და პროტესტის მონაწილეებზე ძალადობის შესახებ ცნობები. ხელისუფლების ოპონენტები მას მედიაზე კონტროლსა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებაში ადანაშაულებდნენ, რასაც ხელისუფლება უარყოფდა.
მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პროტესტის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა.
სტუდენტებმა დაიწყეს იმ კანდიდატების შერჩევა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მათ წარმოადგენდნენ. ჩამოყალიბდა საარჩევნო სია „Studentski lista – Studenti pobeđuju“, რაც ქართულად დაახლოებით „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“ ნიშნავს.
სიის იდეა იყო, რომ მოძრაობის წარმომადგენლობა უფრო ფართო ყოფილიყო და მასში სხვადასხვა პროფესიისა და საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები გაერთიანებულიყვნენ.
2026 წლის 9 სექტემბერს ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბრისთვის დანიშნა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, როდესაც სტუდენტური მოძრაობა უკვე უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა.

2026 წლის 22 ოქტომბერი: ასიათასობით მხარდამჭერი საარჩევნო ფინიშამდე
25 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუდენტურმა მოძრაობამ ბელგრადში მასშტაბური დასკვნითი აქცია გამართა. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან მხარდამჭერები დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.
არჩევნების წინ გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, სტუდენტური სია და მმართველი პარტია დაძაბულ კონკურენციაში იყვნენ. ვუჩიჩი გამარჯვებას პროგნოზირებდა, თუმცა აღიარებდა, რომ ბრძოლა რთული იქნებოდა.
ეს იყო თითქმის ორწლიანი მოძრაობის კულმინაცია: პროტესტი, რომელიც 16 ადამიანის დაღუპვის შემდეგ სამართლიანობის მოთხოვნით დაიწყო, ახლა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ცდილობდა.

2026 წლის 25 ოქტომბერი: ვუჩიჩი დამარცხებას აღიარებს
არჩევნების ღამეს მოხდა ის, რასაც სერბეთის პოლიტიკაში წლების განმავლობაში ბევრი წარმოუდგენლად მიიჩნევდა.
ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები წააგო და სტუდენტურმა სიამ გაიმარჯვა. მისი შეფასებით, სტუდენტურ სიას პარლამენტში 135–140 მანდატი უნდა მოეპოვებინა, ხოლო მის ბანაკს – დაახლოებით 105.
Reuters-ის ცნობით, წინასწარი პროგნოზები სტუდენტურ სიას 250-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს, ხოლო ვუჩიჩის SNS-ს 104 მანდატს მიაკუთვნებდა. ამ შეფასებით, სტუდენტური სია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა. არჩევნებში მონაწილეობამ დაახლოებით 70%-ს მიაღწია, ეს კი 1992 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სერბი პოლიტიკური სოციოლოგის, გაზელა პუდარ დრაშკოს შეფასებით, სტუდენტურმა მოძრაობამ შეძლო პროტესტის იმ ეტაპზე გადაყვანა, როდესაც მოქალაქეები მხოლოდ უკმაყოფილებას კი აღარ გამოხატავდნენ, არამედ პოლიტიკურ ცვლილებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. სტუდენტებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანებთან კავშირების დამყარებითა და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებით ალტერნატიული პოლიტიკური მობილიზაციის მოდელი შექმნეს.
ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, რადომირ შაიჩიჩი სტუდენტების შტაბ-ბინაში გამარჯვებას გამოეხმაურა: “დღეს ღამით გამარჯვებას აღვნიშნავთ, ხვალ კი მომავალს ავაშენებთ!“