ცნობილი რუსი აქტივისტი და ჟურნალისტი მიტია ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი აქტივისტი და ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
ცნობილი რუსი აქტივისტი და ჟურნალისტი მიტია ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ის საქართველოში ერევნიდან ჩამოფრინდა, თუმცა ისევ უკან გააბრუნეს.
მიტია ალეშკოვსკი არის ცნობილი ფონდის “Нужна помощь” – ის თანადამფუძნებელი. ფონდი ეხმარება ავადმყოფებსა და გაჭირვებულ ადამიანებს. ალეშკოვსკის თბილისში ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.
„საოცარი ის არის, რომ მთელი ეს სამარცხვინო ამბავი აეროპორტის დარბაზში მოხდა, სადაც უზარმაზარ ელექტროდაფაზე შემდეგი სახის წარწერა ბრწყინავს: იყავი მამაცი, როგორც უკრაინა“, – წერს ფეისბუქზე მისი დედა, ცნობილი ისტორიკოსი ეიდელმანი, რომელიც რუსეთიდან გაიქცა და ამჟამად გერმანიაში იმყოფება.
ალეშკოვსკიმ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დატოვა მოსკოვი და აქტიურად არის ჩართული უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებში.
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
რამდენიმე დღის წინ კრემლის კრიტიკოსი რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოში არ შემოუშვეს.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
როდესაც ლანდერმა საზღვრის გადაკვეთა სცადა, ქართველმა მესაზღვრეებმა ის დააკავეს, კაბინეტში შეიყვანეს და ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. საბოლოოდ მას მისცეს დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებოდნენ “სხვა მიზეზების გამო”.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.