ცხინვალში ახალი ე.წ. მთავრობა თითქმის სრულად დაკომპლექტებულია - მის სათავეში რუსი მოხელეები არიან
სამხრეთ ოსეთში ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი ე.წ. პრემიერ-მინისტრი დანიშნეს. პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი 44 წლის სოსლან მარგიევს, რომელიც მანამდე მოსკოვის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
ე.წ. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მარგიევმა განაცხადა, რომ აუცილებელია გარდაქმნების განხორციელება. პრიორიტეტებს შორის დაასახელა ხელმისაწვდომი და მაღალხარისხიანი ჯანდაცვა, სამხრეთ ოსეთის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, ტურისტული პოტენციალის განვითარება და სოციალური გარანტიების გაფართოება.
„ამ გარდაქმნების განსახორციელებლად რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყველა შესაძლებლობა გვაქვს. აუცილებელია სახელმწიფო მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც განვავითარებთ ეკონომიკას, სოციალურ სფეროს და, საბოლოოდ, გავაუმჯობესებთ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონეს“, – განაცხადა ახლად დანიშნულმა ე.წ. პრემიერმა.

სოსლან მარგიევი ცხინვალში დაიბადა. იურიდიული განათლება ჩრდილოეთ ოსეთში მიიღო, შემდეგ კი რუსეთის სხვადასხვა სასამართლოში მუშაობდა, სანამ სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ცხინვალში ზოგიერთმა მცხოვრებმა ის გავლენიანი ბიზნესმენისა და სოჭში ოსური დიასპორის ხელმძღვანელის, ანატოლი მარგიევის პროტეჟედ მიიჩნია და ივარაუდა, რომ მათ შორის ნათესაური კავშირი არსებობს.
თუმცა ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა, მარატ კამბოლოვმა, რომელმაც მარგიევი ამ თანამდებობისთვის შეარჩია, არჩევანი იმით ახსნა, რომ იურისტს სამხრეთ ოსეთში კანონისა და წესრიგის დამყარება გაუადვილდებოდა.
„როცა აქ ჩამოვედი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავრობის თავმჯდომარე აუცილებლად მოსკოვიდან იქნებოდა. აუცილებელი არ იყო, მეურნეობის სპეციალისტი ყოფილიყო. საბოლოოდ, როცა აქ უკვე ვიმუშავე, ხალხს შევხვდი და ხშირად თქვენც გხვდებოდით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. იურისტი დიდი ასოთი. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – განაცხადა კამბოლოვმა.
ამასთან, მარგიევი, კამბოლოვისგან განსხვავებით, სამხრეთ ოსეთიდან მაინც არის წარმოშობით. ანუ ის მთლად უცხო ადამიანი არ არის.
მანამდე კამბოლოვმა რამდენიმე მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი დანიშნა ისე, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურ დამტკიცებას არ დაელოდა. ამით მთავრობის ფორმირების პროცედურა დაარღვია.

ჯერ კიდევ გასულ კვირას დაინიშნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უწყებების ხელმძღვანელები. ისინი ყველა ადგილობრივები არიან. პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა კი კიდევ ერთმა მოსკოველმა მოხელემ, ეკატერინა ტოლსტიკოვამ დაიკავა. ის კამბოლოვის ყოფილი კოლეგაა – მათ მანამდე რუსეთის ფედერალურ სამთავრობო უწყებებში ერთად უმუშავიათ.
თუმცა ე.წ. მთავრობის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის. ვაკანტური რჩება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრების თანამდებობები.
კამბოლოვმა საკადრო ცვლილებები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტშიც განახორციელა: თანამდებობიდან გაათავისუფლა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის პროტეჟე და მის ნაცვლად რუსეთიდან მოწვეული ევგენი რომანოვი დანიშნა.
ამრიგად, ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობის „სათავეში“ – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოზიციებზე – რუსეთის სახელმწიფო მოხელეები არიან, რომლებსაც მანამდე პოლიტიკაში, როგორც ასეთში, მონაწილეობა არ მიუღიათ. ამასთან, მათგან ორს სამხრეთ ოსეთთან აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონია.
თუმცა, სოციალური ქსელებისა და გამოკითხვების მიხედვით, ცხინვალის მოსახლეობისთვის ეს მიუღებლად არ გამოიყურება, თუკი „იმპორტირებული“ მთავრობა მოვალეობებს თავს გაართმევს და მრავალ დაპირებას შეასრულებს. ამას კი მხოლოდ დრო აჩვენებს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას