რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის შემოღებაზე პეტიციას ხელი რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე მოაწერა
რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის შემოღება
რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებაზე პეტიციას რამდენიმე საათში ხელი 10 000-მა ადამიანმა მოაწერა, მაგრამ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება ირაციონალურია.
პეტიციაში, რომელიც გუშინ საღამოს, 3 აგვისტოს გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ უნდა დაწესდეს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, “რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას.”
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება და შესაბამისად, არსებული პოლიტიკის შეცვლა – ირაციონალურია.
მისი განმარტებით, ის სავიზო პოლიტიკა, რაც რუსეთთან მიმართებით საქართველოში დღეს მოქმედებს, წინა ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება.
კობახიძის თქმით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ნებისმიერ განცხადებას “ყველა უნდა გაემიჯნოს, ვინაიდან მას ომისკენ მოწოდებები ჰქონდა.”
რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესების მოთხოვნით თავდაპირველად ოპოზიციური პარტია “ლელო” გამოვიდა.
პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ლელოს” ეს მოთხოვნა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან აქვს, თუმცა, მათი განმარტებით, განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, “მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.”
პარტია ითხოვს დროებითი ზომების შემოღებას, “რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.”
კონკრეტულად:
- შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები);
- დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ);
- 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით.
აღსანიშნავია, რომ 340 პროცენტითაა გაზრდილი რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ივნისში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს – ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.