რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 31 აგვისტომდე, ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 45 000-ზე მეტმა მოქალაქემ გახსნა - IDFI
რუსეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში ანგარიშებს ხსნიან
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 31 აგვისტომდე საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45 349-მა მოქალაქემ.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ამ რაოდენობით ანგარიშების გახსნა მიუთითებს, რომ ეს რუსეთის მოქალაქეთა მიგრაციაა და არა უბრალოდ ტურისტულად მოგზაურობა საქართველოში. მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციამ ეროვნული ბანკისგან გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949.8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929.4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
IDFI ასევე წერს, რომ 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 1.88 მილიარდ ლარს შეადგენს და ომის შემდეგ დეპოზიტებზე განთავსებული თანხები 1.2 მილიარდი ლარით, ანუ 170%-ით გაიზარდა.
“კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ 1,88 მილიარდ ლარის ღირებულების დეპოზიტებიდან 72% (1,36 მილიარდი) განთავსებულია აშშ დოლარის ვალუტაში, ხოლო რუსულ რუბლში განთავსებულია მხოლოდ 0,06% (1,2 მილიონი).” – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● “თითქოს ომი კიდევ ერთხელ დაიწყო” – რას ფიქრობენ მობილიზაციაზე საქართველოში მცხოვრები რუსები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ცნობით, 2022 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა და მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
იმავე IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთისა და ბელარუსის 64 742 მოქალაქე. როგორც ორგანიზაცია აკონკრეტებს, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტარ დავით უსუფაშვილის სადეპუტატო კითხვაზე გაცემული პასუხიდან ასევე ირკვევა, რომ რუსეთის მოქალაქეთა მონაწილეობით მიმდინარე წელს საქართველოში 600-ზე მეტი კომპანია დაფუძნდა, ხოლო ბინადრობის უფლება რუსეთის 2.000 მოქალაქეს მიენიჭა.
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3.386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2.363 მოქალაქე დარეგისტრირდა.