ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ინდმეწარმედ 3.400 რუსი დარეგისტრირდა
საქართველოში ინდმეწარმედ 3.400 რუსი დარეგისტრირდა
იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3.386 და ბელარუსის რესპუბლიკის 2.363 მოქალაქე დარეგისტრირდა.
უცნობია რა სექტორებში საქმიანობენ აღნიშნული ინდმეწარმეები, თუმცა იუსტიციის სახლში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი “ინდივიდუალური მეწარმის” რეგისტრაციაა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ბელარუსის და რუსეთის ასობით მოქალაქე დგება რიგში.
ამავე პერიოდში კომპანიის წილის მესაკუთრის სახით რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მონაწილეობა რეგისტრირებულია 171 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შპს). ეს სტატისტიკა იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტარ გიორგი ვაშაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გამოაქვეყნა.
გუშინ გამოქვეყნდა საქსტატის ახალი მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც გასულ წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 27 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 0.4 პროცენტით შემცირდა. 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 156 443 400 აშშ დოლარის საქონელი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 157 008 700 აშშ დოლარის.
ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში რუსეთიდან საქართველოში 5-ჯერ მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე გასულ თვეში. მარტში რუსეთიდან საქართველოში 27 მლნ დოლარი გადმოირიცხა, აპრილში კი 133 მლნ.