რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილია - ენმ
პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სპეციალურ ბირიფნგზე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქუჩაში ქართველებს აგინებდა, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილია.
შესაბამისი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთი მოქალაქე ქუჩაში დგას და ქართველების მიმართ იგინება 5 ნოემბერს, ფეისბუქზე გავრცელდა. 6 ნოემბერს პოლიციამ პირი მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისათვის, ადმინისტრაციული წესით დააკავა და რამდენიმე საათში გაუშვა.
მელიას თქმით, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან – სირიაში, ყირიმსა და უკრაინაში. მისივე განმარტებით, კოპილკოვის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში.
- უკვე ხუთი თვეა, საქართველო ყველაზე მეტ ვიზიტორს რუსეთიდან იღებს
- მარტიდან მოყოლებული რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 2 964 ბინა შეიძინეს
ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ რუსი ოლიგარქი, ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის “Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი [ორგანიზაციის რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში] და ასევე ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, “რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები.” ნიკა მელია დასძენს, რომ კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს რამზაn კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან.
“ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?! მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს” – განმარტავს ენმ-ს თავმჯდომარე.
პუტინის გარემოცვის ოლიგარქის შვილი