ბელარუსში გამოცემა TUT.by- ს ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები დააკავეს
ბელარუსში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი გამოცემის, TUT.by-ს ხელმძღვანელები, ასევე რამდენიმე ჟურნალისტი დააკავეს – თავად საიტი დაბლოკილია. ხელისუფლება გამოცემას გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს. მომხდარის გამო პროტესტი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და მინსკში აშშ-ის საელჩომ გამოთქვეს.
როგორც ბელარუსული Euroradio აცხადებს, 18 მაისს დილით TUT.by– ს ცენტრალურ ოფისში ძალოვნებმა ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკა ასევე ჩატარდა გამოცემის მთავარი რედაქტორის, მარინა ზოლოტოვას და მისი მოადგილის, მაქსიმ გაიკოს სახლებშიც.
მარინა ზოლოტოვა დააკავეს. მის გარდა დააკავეს გენერალური დირექტორი, მთავარი ბუღალტერი და თანამშრომლები – მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც ოფისში იმყოფებოდნენ. საერთო ჯამში, დაკავებულია 13 ადამიანი.
- რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
- აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ათობით ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს
- Nexta – ტელეგრამ-არხი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბელარუსის პროტესტს. ვინ არიან ისინი?
რაში ადანაშაულებენ ჟურნალისტებს
ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის განცხადებით, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის მუხლით აღძრა.
ბრალდების არსი იმაში მდგომარეობს, რომ TUT.by მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიერ მინეჭებულ საგადასახადო შეღავათებს უკანონოდ იყენებდა. გამოცემა, თითქოს, ახორციელებდა პარკის რეზიდენტებისთვის დაუშვებელ საქმიანობას და ამით მოგებას იღებდა.
რეაქცია
”დღეს ჩვენ ყველანი მედიისა და დამოუკიდებელი პორტალის TUT.by- ს განზრახ მკვლელობის მოწმეები ვართ. 20 წლის განმავლობაში ის რეგულარულად, პატიოსნად აწვდიდა ცნობებს ბელარუსებს და იყო დამოუკიდებელი პრესის მაგალითი ”, – განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა 2020 წლის აგვისტოს არჩევნებზე სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც არჩევნების შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
თავის გამოსვლაში მან სიტუაცია ქვეყანაში “ოკუპაციად” შეაფასა.
”მე და ჩემი გუნდი კავშირზე ვართ ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას ევროკავშირისგან, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროგრამა დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, ჟურნალისტების დაცვისთვის და რეპრესიების მიუხედავად მუშაობის გაგრძელებაში დასახმარებლად”, – თქვა ტიხანოვსკაიამ.
ტიხანოვსკაია ასევე მოითხოვს სანქციების დაწესებას “ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჟურნალისტებისა და ბლოგერების რეპრესიებზე პასუხისმგებელია.”
შეერთებული შტატები გმობს ლუკაშენკის რეჟიმის განუწყვეტელ შეტევებს Tut.by დამოუკიდებელ პორტალზე, მის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებზე, ნათქვამია ბელარუსში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.
”ჩხრეკა Tut.by- ს ოფისებში, ასევე თანამშრომლების სახლებში, საგადასახადო თაღლითობის გამოძიების მოჩვენებითი საბაბით, მორიგი სადამსჯელო ზომებია, რომელიც მიმართულია მედიის წინააღმდეგ, რომლის მთავარი ”დანაშაული” 2020 წლის გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტისა და რეჟიმის საპასუხო ძალადობრივი და სასტიკი ქმედებების ობიექტური გაშუქებაა.”, – ნათქვამია განცხადებაში.
რეპრესიები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უბრალოდ უკმაყოფილო მოქალაქეების მიმართ კიდევ უფრო გააქტიურდა გასული წლის აგვისტოს მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ. ოპოზიცია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.