აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ათობით ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესეს
აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები დააწესა ბელარუსის 43 მოქალაქის, მათ შორის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ”პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიის ხელყოფაზე”. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილობით განცხადებაში.
როგორც Euroradio წერს, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა რეპრესიები მშვიდობიანი დემონსტრანტების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
- რუსული ფეიკების ტოპ-შვიდეული: ევროპელი ექსპერტების მიმოხილვა
- რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
- რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
”განსაკუთრებით შემაშფოთებელია 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია “ვიასნას”, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციისა და დამოუკიდებელი პროფკავშირების ასოციაციის დარბევა, ასევე ჟურნალისტების ეკატერინა ანდრეევასა და დარია ჩულცოვას გასამართლება 18 თებერვალს,” – განაცხადა ბლინკენმა.
სანქციების ჩამონათვალში არიან მართლმსაჯულების სექტორის მაღალჩინოსნები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობდნენ, მოსამართლეები და პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ განაჩენების გამოტანაში, ასევე უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, რომლებიც სტუდენტებს ემუქრებოდნენ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ პირებს შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ.
ამ დროისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური სიაში მოხვედრილი პირების სახელებს არ ასაჯაროებს.
აშშ-ს მთავრობამ მანამდე ბელარუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციების ორჯერ დააწესა და იქ 66 ადამიანი შევიდა – მაღალჩინოსნები და მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ბელარუსში დემოკრატიის ხელყოფაში.
ბელარუსის წინააღმდეგ აშშ-ს შესაძლო ახალი სანქციები კონგრესში ამჟამად განიხილება.
ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი, სანქციების ნუსხას დიდი ბრიტანეთიც აფართოებს.
ახალ სიაში შევიდნენ მოსამართლეები, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და პროპაგანდისტები.
2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში რამდენიმე თვის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.
პოლიციის მიერ დარბევის დროს რამდენიმე მომიტინგე დაიღუპა, ათასობით ადამიანი დააკავეს, ბევრი მათგანი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი დააპატიმრეს, ზოგი – მათ შორის სვეტლანა ტიხანოვსკაია – რომელსაც რეჟიმის ოპონენტები არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევენ, იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.