რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას კოალიციური მთავრობა
გაზიარება
გაზიარება
მოკლე პასუხი:
თუკი ვერცერთი პოლიტიკური ძალა მთავრობის დაკომპლექტებისთვის საჭირო 76 მანდატს ვერ მოაგროვებს, მაშინ ქვეყანას, დიდი ალბათობით, კოალიციური მთავრობა ეყოლება.
● ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება.
ძველი მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.
● პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ასახელებს. კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტმა ორი კვირის ვადაში ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ პრემიერს და მთავრობის წევრებს, რომლებსაც ის წარადგენს.
მთავრობის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
● იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ დადგება რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნების საკითხი.
● ახალი კანონმდებლობით, მთავრობის დაკომპლექტების უფლება აქვს პარტიას, რომელიც პროპორციულ არჩევნებში მინიმუმ 40.5 პროცენტს მიიღებს. თუ პარტიამ ამ პროცენტზე ნაკლები აიღო, მას ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირების უფლება არ აქვს იმ შემთხვევაშიც კი, ყველა მაჟორიტარული ოლქი რომ მოიგოს.
● თუმცა, 40.5 პროცენტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ისეთი უმრავლესობის მოპოვებას, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვის არის აუცილებელი. 40.5 პროცენტი პროპორციული სიით მხოლოდ 48 ადგილს უზრუნველყოფს, ხოლო, იმისთვის, რომ 150 დეპუტატიანმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცოს, საჭიროა უმრავლესობის მხარდაჭერა – 76 მანდატი. პარტიას დამატებით 28 მაჟორიტარული მანდატი დასჭირდება იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ეს 28 მანდატი ან მაჟორიტარული ოლქებიდან უნდა მიიღოს ანაც სხვა რომელიმე პარტიასთან კოალიციაზე უნდა იფიქროს. ასეთ შემთხვევაში გვეყოლება კოალიციური მთავრობა – მთავრობა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებისგან იქნება დაკომპლექტებული.