პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 23 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 23 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა.
21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 561 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 95 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, პრემიერის წარდგინების საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
“ერთი თვის წინ წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა გამოწვევა არ გვაძლევს საშუალებას, შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია აკრძალვები ნაადრევად არ მოიხსნას:
“დღეს მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, გონივრული ნაბიჯებით და ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება გაცილებით უკეთესი იქნება”, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თაობაზე პრეზიდენტის წარდგინებას პარლამენტი ხვალ განიხილავს.
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
- “ვართ მე და ჩემი ბერიკაცი, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან კარტს,” – როგორ ცხოვრობენ ხანდაზმულები იზოლაციაში
- რა არის ყველაზე რთული, როდესაც ორი კვირის განმავლობაში, იზოლაციაში ზიხარ? ისტორიები საქართველოდან
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა.