"რუსეთის პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა" - პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს დაუგეგმავად ეწვია
პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი
პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა საქართველოს დაუგეგმავად ეწვია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი აეროპორტში გაიმართა, სადაც ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა მთელი ქვეყნის სახელით გამოუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აგრესიული ქმედებები უკრაინაში არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთს დღევანდელი პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლაა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებებზე გაცვალეს ინფორმაცია.
“ამაზე მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ის საფრთხეები, რაც არსებობს და რეალურად არის, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. “თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოება.”
“ჩვენი სოლიდარობა არაა სიტყვიერი სოლიდარობა. ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას. კარგად გვესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი და მთლიანად ვიზიარებთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ვისაც აწუხებს იმპერიული ზრახვები, იმას არ ესმის, როგორია 21-ე საუკუნის მსოფლიო. ზურაბიშვილის განმარტებით, სამხედრო ძალის გამოყენება ეკუთვნის წარსულს და ანაქრონისტულია დღევანდელ დღეს:
“სხვა გზა არაა დღეს ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, თუ არა მოვნახოთ მშვიდობიანი გზები.”
პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საერთო კონსულტაციები.
“ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას და ჩვენთვის ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ის არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ვმეგობრობთ. მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და ასევე კონსულტაციების განხორციელებას როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია და კონსულტაცია, რომელიც იყო მოწოდებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ”, – განაცხადა პოლონეთი პრეზიდენტმა.
● მოსკოვს „მოთმინება ამოეწურა“: როგორ მოიქცევა დასავლეთი უკრაინასთან და საქართველოსთან?
● სერგეი ლავროვი: საქართველოს NATO-ში ძალით შეყვანას ცდილობენ
● რა იქნება შემდეგ, ომი? მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ითხოვს მოსკოვი
პოლონეთის პრეზიდენტის დაუგეგმავი ვიზიტი დროში დაემთხვა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.
მანამდე, 26 იანვარს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის შედგენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა – დეპუტატები რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ “ქართული ოცნების” მიერ შედგენილ ტექსტში რუსეთი არსადაა ნახსენები.
ოპოზიციონერების თქმით, სადავოა ტექსტის ფორმულირება რუსეთისა და NATO-ს შესახებ, და ასევე, ტექსტის სათაურიც.
პარტია “დროამ” უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული პეტიცია შექმნა, რომელიც სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა და მასზე ხელმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამას მოჰყვა პარტია “ლელოს”, პარტია “დროას” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვიზიტები უკრაინაში, სადაც მათ მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს.