პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 42%-ით შემცირდა საქართველოში
საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში 165,4 მლნ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც თითქმის 42 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდში შემოსულ ინვესტიციებზე.
ხელისუფლება ინვესტიციების შემცირების ძირითად მიზეზად covid-19-ის პანდემიას და მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებას ასახელებს. ექსპერტთა შეფასებით კი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება მხოლოდ კორონავირუსის ბრალი ვერ იქნება, რადგან ინვესტიციების კლების ტენდენცია 2019 წლიდან დაიწყო.
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ინვესტიციების კლებაში მთავარი დამნაშავე კორონავირუსის პანდემია და ის უარყოფითი მოლოდინია, რაც covid-19-ის გამო მსოფლიოში შეიქმნა.
მაჭავარიანის თქმით, მოსაზრება, რომ “პანდემიამდე და პანდემიისგან დამოუკიდებლად” საქართველოში რამე გაფუჭდა, არ არის მართალი.
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- 2015-2020 წლებში ხელისუფლებამ ლობისტურ კომპანიებს 5 მლნ დოლარი გადაუხადა
ოპოზიციაში კი ინვესტიციების კლების მიზეზად უცხოელი ინვესტორების ქართული სასამართლოსადმი უნდობლობასა და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს ასახელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციები ჯერ კიდევ კორონაეპიდემიამდე შემცირდა.
“ინვესტიციების კლება დიდი ხანია შეიმჩნევა. სანამ კორონავირუსის ეპიდემია დაიწყებოდა, მანამდეც უკვე, წლის დასაწყისში, უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა და ეს გამოწვეულია ყველა იმ უბედურებით, რაც ამ რვა წლის განმავლობაში დაგვატყდა თავს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში, ვერცერთი ბიზნესმენი სამართალს ვერ იპოვის. უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო, ვერასოდეს გაუწევ კონკურენციას ივანიშვილის ბიზნესს ან მასთან დაკავშირებულ ადამიანებს,” – ამბობს გოცირიძე.