"გარდატეხა 2024 წლის დასაწყისში მოხდა“ — პეტერ ფიშერის ინტერვიუ საქართველოზე, ევროკავშირსა და "ოცნების“ რიტორიკაზე
პეტერ ფიშერის ინტერვიუ
პეტერ ფიშერი მალე საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. გერმანიის ელჩი ამბობს, რომ 40-წლიანი კარიერის განმავლობაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც “უკუსვლა“ საკუთარი თვალით იხილა – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის გზაზე მიდიოდა, მისი თქმით, ბოლო წელიწადნახევარში საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
ფიშერი იხსენებს, რომ საქართველოში ჩამოსვლის პირველ წლებში ხელისუფლებასთან ახლო და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, ყველაფერი შეიცვალა 2024 წლის დასაწყისში.
ამის შესახებ ელჩმა გამოცემა “ბათუმელებთან” ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.
მთავარი, რაც პეტერ ფიშერმა თქვა:
“2023-ში ერთად ვზეიმობდით, 2024-ში ყველაფერი შეიცვალა“

ელჩის თქმით, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად თავისუფლების მოედანზე იდგა და ზეიმში მონაწილეობდა.
“მახსოვს, “ქართული ოცნების“ ლიდერები მხარზე ხელს მადებდნენ და მეუბნებოდნენ: “არის! კანდიდატის სტატუსი!“ — ამბობს ფიშერი.
მისივე თქმით, რამდენიმე თვეში ვითარება რადიკალურად შეიცვალა: დაიწყო დასავლეთის, ევროკავშირისა და გერმანიის წინააღმდეგ “მტრული რიტორიკა“, რასაც მოჰყვა ისეთი კანონების მიღება, რომლებიც, ელჩის შეფასებით, ევროკავშირის ნორმებთან შეუთავსებელია.
ფიშერი ამბობს, რომ ამავე პერიოდში გაჩნდა “დაშინების ატმოსფერო“, გაძლიერდა ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე და ადამიანის უფლებების დარღვევები.
“ეს პირადი კონფლიქტი არ არის“
ელჩი უარყოფს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს მისი პოზიცია პირად დამოკიდებულებებს ეფუძნებოდეს.
“მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ. წარმოვადგენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას“, — ამბობს ის.
ფიშერის თქმით, “გლობალური ომის პარტიის“, “დიფსთეითისა“ და “ლიბერალური ფაშიზმის“ შესახებ ნარატივები შეთქმულების თეორიებია, რომლებიც ხელისუფლებამ საკუთარი პოლიტიკის გასამყარებლად შექმნა.
“40 წელია გერმანიის მთავრობაში ვმუშაობ და არანაირი “დიფსთეითი“ არ მინახავს“, — ამბობს ელჩი.
მისივე შეფასებით, მასზე თავდასხმები სხვა დიპლომატებისთვისაც “გაფრთხილების“ ფუნქციას ასრულებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გაცილებით მძიმეა ის, რასაც საქართველოში კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები აწყდებიან.
“მნიშვნელოვანია, რომ ‘შუა დერეფნის’ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ“
“ევროკავშირი 27 სახელმწიფოა და ყველას სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ. გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველო, შებოჭილი ვართ საერთაშორისო შეთანხმებებით: გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციით, ევროპული კონვენციით. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი ვალდებულება, დავიცვათ ადამიანის უფლებები მთელ მსოფლიოში.
გერმანიას ამის ვალდებულება საკუთარი ისტორიიდან გამომდინარეც აქვს – ჩვენ თავად ვიყავით ადამიანის უფლებების უხეში დამრღვევები და ხალხი გერმანიიდან სწორედ თავშესაფრის საძიებლად გარბოდა. ასე რომ, პასუხია – არა. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გავცვალოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ “შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება. ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფლება და ადამიანის უფლებები კარგია ეკონომიკისთვის, ბიზნესისა და განვითარებისთვის. გერმანულ კომპანიებს არ უყვართ ავტორიტარულ ქვეყნებში ინვესტირება”. – ამბობს ელჩი.
“ჩემი შემცვლელიც იმავეს იტყვის, რასაც მე ვამბობ“
ფიშერი ამბობს, რომ გერმანიის ახალი ელჩიც პროფესიონალი დიპლომატი იქნება და გერმანიის ოფიციალურ პოზიციას გაახმოვანებს.
“ის ქალი იქნება და ისეთივე პროფესიონალი იქნება, როგორიც მე ვარ“, — ამბობს ელჩი.
მისივე თქმით, გერმანია საქართველოს მეგობრად რჩება და ამის მიუხედავად, საჯარო კრიტიკას არ მოერიდება, თუ საქმე ევროკავშირის კრიტერიუმების დარღვევას შეეხება.
სანქციები, უნგრეთი და უვიზო რეჟიმი
ფიშერი ადასტურებს, რომ ევროკავშირში უნგრეთი ხშირად ბლოკავდა საქართველოსთან დაკავშირებულ სანქციებს, თუმცა ბუდაპეშტში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე ვითარება შეიძლება შეიცვალოს.
მისი თქმით, ევროკავშირს სამი სამართლებრივი მექანიზმი აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასასანქცირებლად:
- ადამიანის უფლებების დარღვევა;
- რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა;
- უცხოური საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა (FIMI).
ელჩი ასევე ეხება უვიზო რეჟიმის საკითხს და ამბობს, რომ ევროკავშირს მისი გაუქმება არ სურს.
“გვსურს, ქართველებმა გერმანიასა და ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ“, — ამბობს ფიშერი.
თუმცა აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა “საგამონაკლისო შეღავათია“ და არა უპირობო უფლება. შესაბამისად, მისი შენარჩუნება გარკვეული ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული.
“იმედი“ და პროპაგანდის საკითხი
ფიშერი ამბობს, რომ პროსამთავრობო მედიის ნაწილი რეალურად საინფორმაციო არხები კი არა, “პოლიტიკური საბრძოლო მანქანებია“.
მისი შეფასებით, ამ არხების გზავნილები ხშირად ემთხვევა რუსულ ნარატივებს – როგორც შინაარსით, ისე დროით.
“ეს არის ანტილიბერალური, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიგერმანული განწყობები“, – ამბობს ის.
ელჩი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა მომავალში FIMI-ს მექანიზმი გამოიყენოს.
AfD-ზე დაყრდნობა “100%-იანი წინააღმდეგობაა“
ფიშერი მწვავედ აკრიტიკებს “ქართული ოცნების“ მცდელობას, გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD ბუნებრივ პარტნიორად წარმოაჩინოს.
მისი თქმით, AfD ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია, ეწინააღმდეგება ვიზალიბერალიზაციას, “ერასმუსს“, საერთო ევროპულ პოლიტიკებსა და მიგრაციას.
“თუ AfD-ს ჰკითხავთ, გეტყვიან: არ მინდა, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს““, — ამბობს ელჩი.
ფიშერის შეფასებით, იმედი, რომ AfD ან მსგავსი ძალები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას დაეხმარებიან, “სრული წინააღმდეგობაა“.
“გერმანიამ საქართველოსთვის დაახლოებით 2 მილიარდი ევრო დახარჯა“
ელჩის თქმით, გერმანიის ოფიციალური განვითარების დახმარება საქართველოსთვის დაახლოებით 2 მილიარდ ევროს აღწევს.
ფიშერი ჩამოთვლის პროექტებს, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა:
- ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა;
- წყალმომარაგების სისტემები;
- ეროვნული პარკები;
- პროფესიული განათლება;
- სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები.
“ბათუმის წყალი თითქმის მთლიანად გერმანიის დამსახურებაა“, — ამბობს ის.
ფიშერის თქმით, ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდა რწმენას, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით ვითარდებოდა.
“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უკუსვლა ვნახე“
ელჩი ამბობს, რომ მუშაობდა ჩინეთში, სინგაპურში, ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აშშ-ში, თუმცა საქართველო იმით გამოირჩევა, რომ აქ დემოკრატიული უკუსვლა საკუთარი თვალით ნახა.
“არც ერთ სხვა ქვეყანაში, სადაც ვმუშაობდი, კარგი მდგომარეობიდან ცუდისკენ არ წასულან“, — ამბობს ის.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და სწორედ ამიტომ აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩს ვალდებულება, ღიად ისაუბროს პრობლემებზე.
სამი შესაძლო გზა საქართველოსთვის
ფიშერი საქართველოს მომავლის სამ სცენარს ხედავს.
პირველს ის “ოქროს მომავალს“ უწოდებს: ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც, მისი თქმით, მშვიდობას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ნიშნავს.
მეორე ვარიანტია საქართველო დარჩეს დამოუკიდებელ, მაგრამ იზოლირებულ ქვეყნად რეგიონში.
მესამე სცენარი კი, მისი თქმით, გულისხმობს ავტორიტარული სისტემისკენ სვლას დასავლური სტანდარტებისა და პარტნიორების გარეშე.
“თუ ქართველი ხალხი ევროპას აირჩევს, მჯერა, რომ საბოლოოდ მას მიიღებს“, – ამბობს ფიშერი.
„საქართველო ჩემთვის მხოლოდ ეპიზოდი არ ყოფილა“
დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ ფიშერი ბერლინში ბრუნდება. ამბობს, რომ საქართველოდან “ბევრ მეგობარს წაიყვანს გულში“.
“არ მინდა, საქართველომ ეს შანსი გაუშვას“, – ამბობს ის.
ელჩი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი კვლავ შესაძლებელია და საბოლოო არჩევანი ქართველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.