ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი, რა გვესაქმება ასეთ ევროკავშირში? — ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ევროკავშირზე
თუ ევროკავშირი ისეთია, როგორიც დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ საქართველოს ასეთ ევროკავშირში არაფერი ესაქმება, – განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მან საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც გააკრიტიკა და თქვა, რომ დიპლომატი საქართველოს “ასეთ ევროკავშირს ამადლის“, რაც, მისი თქმით, გაუმართლებელია.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს “სხვანაირი ევროკავშირი“ სურს.
“როცა ასეთ ევროკავშირს გამადლის გერმანიის ელჩი, ეს, რა თქმა უნდა, ვერავითარ გამართლებას ვერ დაექვემდებარება. ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ვერ დაგვამადლის ვერავინ ისეთ ევროკავშირს, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს ძაღლებით უსწორდებიან
ჩვენთვის ბატონი ფიშერი არ არის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით, არც ბატონი ჰერჩინსკი არ არის ჩვენთვის ევროპელი ღირებულებითი თვალსაზრისით. გეოგრაფიულად მიეკუთვნებიან ევროპას, მაგრამ ღირებულებითი თვალსაზრისით არ არიან თავსებადი იმ ყველაფერთან, რასაც მოიაზრებს ევროკავშირი,” – თქვა კობახიძემ.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ისეთი ევროკავშირის წევრობას ისურვებდა, რომელიც უბრუნდება იმ “ღირებულებებს, რომლებზეც თავის დროზე დაფუძნდა.
“40-იან წლებამდე ევროპისთვის ეს ღირებულებები უცხო იყო. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით 1949 წლიდან, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ახალი კონსტიტუციური სისტემები ჩამოყალიბდა, ევროპაში ახალი ღირებულებები დამკვიდრდა,“ – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მანამდე ევროპა “გამუდმებული ომების სივრცე“ იყო და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ”სერიოზული პრობლემები“ არსებობდა.
“როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ღირებულებები ევროპაში არც ისე ძველია, ისინი გასული საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დამკვიდრდა. ამიტომ ევროპელ ბიუროკრატებს უნდა შევახსენოთ, რომ იმის დაკარგვა, რასაც მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს, მარტივად შეიძლება,“ – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
კონტექსტი
19 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს. მიმართვაში კობახიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე.
მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრაციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებამ, მათ შორის ხელკეტებისა და ძაღლების გამოყენებამ, სერიოზული კითხვები გააჩინა ევროკავშირის მიერ დეკლარირებული დემოკრატიული სტანდარტების მიმართ.
კობახიძემ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას მიმართა კითხვით, როგორ აფასებენ კოპენჰაგენში განვითარებულ ძალადობას და რამდენად შეესაბამება მსგავსი ქმედებები იმ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს.