ყოფილი პოლიციელის სკანდალური ინტერვიუ: როგორ მუშაობს კონტროლის სისტემა საქართველოში
ირემაშვილის ინტერვიუ კვესიტაძესთან
იუთუბ-პლატფორმა „მისმინეს“ გადაცემაში „აქცენტები“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა პოლიციელმა, თადარიგის ვიცეპოლკოვნიკმა გიორგი ირემაშვილმა, ძალოვანი სისტემის მუშაობის შესახებ მძიმე ბრალდებები წარმოადგინა . მისი მონაყოლი ეხება ფარულ მოსმენებს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურების კონტროლს, კომპრომატების შეგროვებას, პოლიციისა და კრიმინალური წრეების კავშირებს და საქმეებს, სადაც, მისი თქმით, სახელმწიფოს დანაშაულის პრევენცია შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.
ირემაშვილის თქმით, ფარული მოსმენები საქართველოში არ არის მხოლოდ ცალკეული უკანონო პრაქტიკა. მისი აღწერით, ეს არის ძალოვანი სისტემის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – ინფორმაციის შეგროვების, გავლენის, გადაბირების და პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ ამ სისტემას სხვადასხვა ხელისუფლების დროს განსხვავებული ფორმა ჰქონდა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მმართველობის შემდეგ, მისი შეფასებით, უფრო ფართო და ნაკლებად კონტროლირებადი სახე მიიღო.
ვინ არის გიორგი ირემაშვილი
გიორგი ირემაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობდა. მისი თქმით, ეს იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდი. სისტემაში კარიერა რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან დაიწყო და სხვადასხვა საფეხური გაიარა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეობამდე.
ირემაშვილი ამბობს, რომ ნამუშევარი აქვს შსს-ს თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაში – ოპერატიულ სამსახურში, დაზვერვის მიმართულებით, ნარკომანიასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და კრიმინალურ პოლიციაში, ასევე გენერალურ ინსპექციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სტრუქტურებში.

მისი თქმით, სისტემა შიგნიდან იცის. სწორედ ამ გამოცდილებას იყენებს, როცა გადაცემაში ხსნის, როგორ მუშაობს მოსმენების მექანიზმი, რა როლი აქვს პროკურატურას, როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა ზემდგომებისთვის და როგორ შეიძლება პირადი ცხოვრების დეტალები გადაიქცეს პოლიტიკური ან კარიერული გავლენის ინსტრუმენტად.
ირემაშვილი სისტემიდან 2021 წელს წავიდა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ. როგორც ამბობს, მისთვის გარდამტეხი იყო არა მხოლოდ ჟურნალისტებზე ძალადობა, არამედ პოლიციის უუნარობა ან სურვილის არქონა, დაეკავებინა ის ადამიანები, რომლებიც კამერების წინ პოლიციელებზეც ძალადობდნენ.
ამჟამად ირემაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება. ინტერვიუ დისტანციურადაა ჩაწერილი.
5 ივლისი როგორც ბოლო წვეთი
ირემაშვილის თქმით, 2021 წლის 5 ივლისს ძალოვან სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის გასაგები იყო, რომ ძალადობა სპონტანურად არ განვითარებულა. ის ამბობს, რომ ასეთი მასშტაბის დევნა და კონკრეტულ მისამართებზე გადაადგილება ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა.
„იმ დღეს რაც იყო, ეს ყველასთვის, ყველა პოლიციელისთვის ნათელი იყო რა მოხდა და ვისი დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. რომ შემთხვევით მაგ კატეგორიის, მაგ მენტალიტეტის ხალხი ესე არ შეიკრიბებოდა იქ და ესე დევნას ვერ დაიწყებდა კონკრეტულ მისამართებზე“.
ირემაშვილი ამბობს, რომ მისთვის ეს დღე იყო ნიშანი, რომ პოლიცია აღარ მოქმედებდა როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ძალადობაზე სამართლებრივი რეაქცია უნდა ჰქონდეს.
გადაცემაში ის იხსენებს კადრს, სადაც, მისი თქმით, ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსს უკნიდან ურტყამენ, პოლიციელები კი რეაგირებას არ ახდენენ.
„აი მაგ კადრების ნახვის მერე მივხვდი, რომ მანდ დამთავრდა პოლიცია”.
როგორ აღწერს ირემაშვილი „ოტოს“ ისტორიას
გადაცემის დიდი ნაწილი ე.წ. ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურს, ანუ „ოტოს“ ეხება. სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს ირემაშვილი ფარული მოსმენების სისტემას.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძის პერიოდში სამინისტროს რესურსები მწირი იყო და მოსმენები ტექნიკურად შეზღუდული შესაძლებლობებით ხდებოდა. ძირითადად ისმენდნენ სახლის ტელეფონებს, ცალკეულ შემთხვევებში კი სატელეფონო კაბელებთან ფიზიკურად ერთვებოდნენ.
მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა უფრო სრულფასოვანი სისტემა. ამ პერიოდში, როგორც ირემაშვილი ამბობს, მოსმენები ფორმალურად სასამართლოს ნებართვით ხდებოდა. პროცედურა ასეთი იყო: პოლიცია პროკურატურას მიმართავდა, პროკურატურა სასამართლოში შუამდგომლობას აგზავნიდა, მოსამართლე კი გასცემდა განჩინებას ტელეფონის მოსმენაზე სამი თვით.
ირემაშვილი ხაზს უსვამს, რომ მაშინაც ეს სისტემა რეალურად პრობლემური იყო, რადგან პროკურატურა და სასამართლო, მისი თქმით, ერთ ვერტიკალში მოქმედებდნენ და პოლიციის მოთხოვნას თითქმის ყოველთვის აკმაყოფილებდნენ. მაგრამ ფორმალური სამართლებრივი საფუძველი მაინც არსებობდა.
„ესეც არ იყო ნორმალური რა თქმა უნდა და ესეც არ იყო სამართლი. ესეც არ იყო გამართლებული, მაგრამ კანონიერი საფუძველი არსებობდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე “ქართული ოცნება” ამომრჩეველს მოსმენების პრაქტიკის გაუქმებას პირდებოდა, ირემაშვილის თქმით, მოხდა სულ პირიქით:
“ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ფორმალურად ლეგალური, მაგრამ პრაქტიკულად არაჯანსაღი სისტემა გარდაიქმნა უფრო საშიშ, არაფორმალურ და უკონტროლო მექანიზმად.
როგორ ტრამსფორმირდა “ოტო” 2012 წლის შემდეგ
ირემაშვილის ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ეხება იმას, თუ რა მოხდა 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
ის იხსენებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ფარული თვალთვალისა და უკანონო მოსმენების პრაქტიკას დაასრულებდა. საჯაროდ გაიმართა ძველი ფაილების განადგურების პროცესიც.
ირემაშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში სისტემა არ გაუქმებულა. მისი თქმით, მოხდა მისი ტრანსფორმაცია და გაყოფა – ერთი ნაწილი დარჩა ფორმალურად კანონიერ მოსმენებზე, მეორე კი გახდა არაფორმალური, ანუ „ლევი ოტო“, სადაც ნომრის ჩართვას სასამართლოს ნებართვა აღარ სჭირდებოდა.
„სინამდვილეში გააკეთეს რა? სინამდვილეში გაალევეს ოტო, ანუ ერთი ნაწილი დააპარალელეს“.
მისი მონაყოლით, ერთ მხარეს დარჩა „პრავი ოტო“, სადაც ნომრის ჩართვა სასამართლოს ბრძანებით ხდებოდა. მეორე მხარეს კი გაჩნდა სისტემა, სადაც ნომრის მისატანად საკმარისი იყო უფროსთან შეთანხმება.
„არანაირი ბრძანება არ გჭირდებოდა ნომერს მიიტანდი, რა თქმა უნდა, შენს უფროსთან შეთანხმებით მიიტანდი ნომერს ოტოში და ჩაგირთავდნენ არაფერი აღარ ჭირდებოდა მეტი“.
ირემაშვილის თქმით, თავდაპირველად ეს პრაქტიკა სისტემაში გაამართლეს საყოველთაო ამნისტიით და მას “დროებითი” ზომა უწოდეს – “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამნისტია გამოაცხადა, რის შედეგადაც გათავისუფლდა ბევრი პატიმარი, მათ შორის საშიში კრიმინალებიც. სისტემაში აცხადებდნენ, რომ ამნისტია ცუდად აისახებოდა დანაშაულის სტატისტიკაზე, ამიტომ პოლიციას სჭირდებოდა სწრაფი ოპერატიული ინფორმაცია, რაც მოსმენებით მიიღწეოდა.
მაგრამ ეს „დროებითი“ მექანიზმი, როგორც ირემაშვილი ამბობს, მუდმივ პრაქტიკად და პოლიტიკური, სოციალური და პირადი კონტროლის ინსტრუმენტად იქცა.
„როგორც მოგეხსენებათ არაფერი ისეთი მუდმივი არ არის როგორც დროებითი რაღაცეები. მერე დარჩა და დარჩა ესე“.
რას უსმენს სუსი და რას უსმენს შსს
გადაცემაში ირემაშვილი ასხვავებს შსს-სა და სუსის ფუნქციებს. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითადად კრიმინალურ საქმეებზე იყო ორიენტირებული, ხოლო სუსი – პოლიტიკურ მოსმენებზე, საჯარო ფიგურებზე, ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე, ექსპერტებზე, სკოლის დირექტორებზე, უნივერსიტეტის რექტორებზე და სხვა გავლენიან ჯგუფებზე.
„სუსმა გააგრძელა პოლიტიკური მხარე, ანუ პოლიტიკური ოპოზიციონერების მოსმენა, საჯარო ცნობადი ტიპების იქნებიან ეს მსახიობები, ხელოვანები, ჟურნალისტები“.
მისი თქმით, პოლიტიკური ან საინტერესო ინფორმაცია, თუ ის შსს-ს მოსმენებშიც გაივლიდა, შემდეგ სუსში იგზავნებოდა. საბოლოოდ, სხვადასხვა უწყების მიერ შეგროვებული მონაცემები ერთიან ინფორმაციულ ქსელში ხვდებოდა.
ირემაშვილი აღწერს ტექნიკურ პროცესსაც: ოპერატორი უსმენს საუბარს, ბლოკნოტში იწერს მნიშვნელოვან დეტალებს, შემდეგ კომპიუტერში ბეჭდავს ცნობას, რომელიც ხელმძღვანელობას გადაეცემა. ამ ცნობებს შემდეგ მიმართულებების მიხედვით ანაწილებენ.
„დღის განმავლობაში რასაც უსმენს “ოტოშნიკი” ბლოკნოტში იწერს საინტერესო რა მოხდა, მერე ადის საღამოს და კომპიუტერზე ბეჭდავს და ეს ცნობა შედის მერე უფროსთან“.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ცნობების საბოლოო პროდუქტი იყო ე.წ. სუსის ფაილები, რომლებიც წლების წინ გავრცელდა და სადაც სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა საჯარო ფიგურის საუბრები იყო აღწერილი.
ერთი ნომერი მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის
ირემაშვილი განმარტავს, რომ ერთი აბონენტის მოსმენა პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ადამიანის კონტროლს არ ნიშნავს. თუ უსმენენ ერთ ადამიანს, ავტომატურად ისმენენ იმ ადამიანებსაც, ვისთანაც ის საუბრობს. ასე იქმნება მთელი ქსელი.
„თქვენ ხომ დღის განმავლობაში უკავშირდებით დაახლოებით ხუთ-ექვს ადამიანს. ანუ თქვენი ტელეფონის მეორე მხარეს ვინც არის, იმასაც უსმენენ“.
მისი თქმით, ერთ ოპერატორს ხარისხიანად დაახლოებით 20 აბონენტის მოსმენა შეუძლია, თუმცა პრაქტიკაში ეს რაოდენობა ხშირად ბევრად მეტი იყო. ირემაშვილი ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ერთი ოპერატორი 100 ნომერსაც უსმენდა.
ამავე დროს, ის აღწერს მოსმენის ფსიქოლოგიურ მხარესაც. მისი თქმით, ოპერატორი თვეების განმავლობაში ფაქტობრივად სხვა ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს: იცის ეს ადამიანი ვის ელაპარაკება, სად დადის, რას ყიდულობს, რა მესიჯები მისდის, რომელ მაღაზიაში შედის.
„ფაქტიურად პიროვნების გაორება გიხდება. იმის ცხოვრებით ცხოვრობ“.
პირადი ცხოვრების დეტალები როგორც კომპრომატი
გადაცემის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ეხება იმას, როგორ შეიძლება პირადი ინფორმაცია კომპრომატად იქცეს. ირემაშვილის თქმით, სუსისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო პირადი ცხოვრების დეტალები, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელი იყო ადამიანების გადაბირებისთვის ან მათზე გავლენის მოსაპოვებლად.
„საყვარელი თემა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, კაგებე-დან მოყოლებული არის პირადი ცხოვრების დეტალები“.
მისი თქმით, თუ მოსმენიდან ჩანდა, რომ ადამიანს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა, კორუფციული ეპიზოდი ან სხვა ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ მისთვის საზიანო იქნებოდა, შემდეგ ოპერატიული სამსახურები იწყებდნენ თვალთვალს, კამერების დაყენებას და მასალის შეგროვებას.
ირემაშვილის განმარტებით, მიდგომა ყოველთვის პირდაპირი შანტაჟი არ არის. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პერიოდში უფრო ხშირად მოქმედებდა სხვა მოდელი – ადამიანს ეუბნებოდნენ, რომ კომპრომატი აქვთ, მაგრამ მის გამოქვეყნებას არ აპირებენ, თუ ის ითანამშრომლებს. სანაცვლოდ კი არ აშინებენ, არამედ პირიქით, გარკვეულწილად აწინაურებენ – სთავაზობენ სტატუსს, მაღალ ხელფასს, კარიერულ ან სხვა ბენეფიტებს.
„მოდი ვითანამშრომლოთ ამ კომპრომატს არ გამოგიქვეყნებ. პირიქით, შენ მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნები. თუ ჟურნალისტი ხარ თუ ექსპერტი ხარ… ნიშვნელოვან ბენეფიტებს მოგცემთ, კაი ცხოვრება გექნება“.
ირემაშვილი აღწერს არა დაშინებაზე, არამედ გარიგებაზე დაფუძნებულ კონტროლს. მისი თქმით, ეს უფრო ეფექტიანია, რადგან ადამიანი თავს არა მხოლოდ დაზარალებულად, არამედ სისტემის ბენეფიციარადაც გრძნობს.
როცა კომპრომატი აღარ მუშაობს
ირემაშვილი ამბობს, რომ იყო შემთხვევები, როცა გადაბირების მცდელობამ არ იმუშავა. მაგალითად მოჰყავს კლუბებში შევარდნისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ პერიოდი, როცა, მისი თქმით, ახალგაზრდებს პირადი შინაარსის მასალებით თანამშრომლობა შესთავაზეს.
მისი თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელსაც კომპრომატს უჩვენებდნენ, რეაგირება დაცინვით მიიღო.
„მოკვდა სიცილით… უთხრა, რომ სანამ თქვენ მაგას გამომიქვეყნებთო, მე თვითონ შემიძლია ეს დავდო ინტერნეტშიო“.
ირემაშვილის განმარტებით, ეს იყო შოკი ძველი, საბჭოთა სტილის უსაფრთხოების ლოგიკით მოაზროვნე თანამშრომლებისთვის. მათთვის პირადი ცხოვრება იყო სირცხვილის და მართვის ინსტრუმენტი. ახალი თაობისთვის კი ასეთი თემები ყოველთვის აღარ მუშაობდა როგორც კომპრომატი.
ყველაზე ბევრს „თავისიანებს“ უსმენენ
გადაცემაში ირემაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მომხრეები ან სისტემასთან დაახლოებული ადამიანები ხშირად უფრო დიდი კონტროლის ქვეშ არიან, ვიდრე ოპოზიციონერები. მიზეზად ის ასახელებს შიშს, რომ „თავისიანი“ შეიძლება მეორე მხარეს გადავიდეს.
„ყველაზე მტკივნეულად აღიქვავენ როცა თავისიანი გადადის იქითა მხარეს“.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსის შემთხვევაში შეიძლება უსმენდნენ არა მხოლოდ თავად მას, არამედ მის მძღოლს, დაცვის წევრს, ოჯახის წევრს, პარტიის რამდენიმე წევრს.
მაგრამ, ირემაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების კონტროლი, ვინც სისტემის შიგნითაა ან მასთან ახლოს დგას.
გადაცემაში ის ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა, მისი თქმით, პროპაგანდისტული არხის “იმედის” ჟურნალისტის გასაკონტროლებლად მისი გარემოცვის 30-მდე ნომერი იყო ჩართული. ეს ნიშნავდა, რომ უსმენდნენ არა მხოლოდ თავად ჟურნალისტს, არამედ მის გარშემო არსებულ ადამიანებსაც.
ირემაშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში სისტემამ შეიძლება იცოდეს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების უმცირესი დეტალებიც კი – როდის დგება, ვის ელაპარაკება, რას ამბობს სახლში და როგორ გადადის ეს ინფორმაცია მის სამსახურში ან ზემდგომებთან.
სად მიდის შეგროვებული ინფორმაცია
ირემაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცნობები სუსის შიგნით ზემდგომ დონეზე იგზავნებოდა. მისი თქმით, ნაწილი ხვდებოდა ანზორ ჩუბინიძესთან, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსია და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ფიგურად მიიჩნევა.
„იყო რაღაცა კატეგორია კრებსების, რომლებიც უნდა მოხვედილიყო ჩუბინიძესთან. ანუ ეს ნიშნავდა, რომ უშუალოდ ივანიშვილთან”.
ირემაშვილი ამბობს, რომ პირადი და პოლიტიკური ინფორმაციის ნაკადი საბოლოოდ ხელისუფლების უმაღლეს არაფორმალურ ცენტრამდე მიდიოდა.
“ადამიანური ფაქტორი”
ირემაშვილის თქმით, ე.წ. კრებსებში ყოველთვის ყველაფერი ზუსტად არ უნდა ჩაითვალოს. ის საუბრობს ოპერატორების მუშაოების სპეციფიკაზე – ოპერატორს შეუძლია რაღაც შეცვალოს, დაამატოს, გამოაკლოს ან ზემდგომის მოლოდინის გამო ინფორმაცია ისე ჩამოაყალიბოს, როგორც მისგან ელიან.
„ყოველ დღე ეუბნება უფროსი: ბიჭო არაფერი არ არის? დავიჯერო არაფერი არ ილაპარაკა?… ეს ოტოშნიკის დაიღალა, ადგა და დაწერს რაღაცას, რაც არ არის სიმართლე“.
ირემაშვილის თქმით, უფროსები იშვიათად ამოწმებენ, რამდენად ზუსტად არის გადმოცემული საუბარი. თუ ინფორმაცია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც წესი, არავინ ბრუნდება აუდიოჩანაწერთან და არ ამოწმებს, მართლა ასე ითქვა თუ არა.
სასტუმროები, კამერები და ფარული გადაღება
გადაცემაში ირემაშვილი დეტალურად აღწერს, როგორ შეიძლება შეხვედრების ფარული გადაღება სასტუმროებში. მისი თქმით, თუ მოსმენებიდან ცნობილი ხდება, რომ ორი საინტერესო ფიგურა ერთმანეთს სასტუმროში უნდა შეხვდეს, შესაბამისი უწყებები წინასწარ ამზადებენ ოთახს.
„ყველა სასტუმრო, ყველა ბრენდული სასტუმროს დაცვის სამსახურის უფროსები ყველა მიბმული ჰყავთ აბსოლუტურად“.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები ხშირად დაცვის სამსახურის უფროსებთან წყდება, რადგან ისინი, როგორც წესი, ყოფილი ძალოვნები არიან ან ძალოვან უწყებებთან აქვთ კავშირები. სასტუმროს მთავარმა მენეჯმენტმა, შესაძლოა, დეტალები არც იცოდეს, მაგრამ დაცვის რგოლი თანამშრომლობს.
„ხუთი წუთი ჭირდება ოტოს სპეციალისტებს – ორი კაცი პატარა რუკზაკებით შევლენ შიგნით და დააყენებენ სადაც დასაყენებელია მოსასმენს“.
საზღვარგარეთ კონტროლი და ალასანიას საქმე
გადაცემაში წამყვანი ეკა კვესიტაძე იხსენებს 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებას და იმდროინდელ მუქარებს პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალების მიმართ. ირემაშვილი ამბობს, რომ მაშინ კამპანიას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა და ის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
საუბარი ეხება ირაკლი ალასანიას პარტიასაც. ირემაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ ჯგუფის კონტროლი, ვინც კოალიციაში იყო ან მოგვიანებით შეიძლება დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო.
„ყველა ეს ხალხი, რა თქმა უნდა, თავიდანვე, 2012-ში მოვიდნენ თუ არა, სულ ყველა ჰყავდათ კონტროლზე“.
მისი თქმით, საზღვარგარეთაც ხდებოდა ოპოზიციონერების ან პოლიტიკურად საინტერესო ფიგურების კონტროლი. ირემაშვილი ამბობს, რომ შეხვედრების შემდეგ აკვირდებოდნენ, სად მიდიოდნენ, ვის ხვდებოდნენ და შეიძლებოდა თუ არა რაიმე კომპრომატის მოპოვება.
„ნებისმიერი ოპოზიციონერი, ვინც ჩადის ბრიუსელში, სტრასბურგში, იქ შეხვედრებს რომ მორჩება, მერე საღამოს რას აკეთებს, აინტერესებთ“.
მისი მონაყოლით, ასეთ შემთხვევებში ჩართული შეიძლება იყვნენ საგარეო დაზვერვის წარმომადგენლები, საელჩოებთან დაკავშირებული პირები ან სხვა სახელმწიფო არხები.
რომელი პლატფორმები ისმინება
გადაცემაში ერთ-ერთი პრაქტიკული კითხვა ეხება აპლიკაციებს – WhatsApp-ს, Signal-ს და სხვა კომუნიკაციას – რომელია მათ შორის ყველაზე დაცული საკომუნიკაციო არხი?
ირემაშვილის თქმით, ყველაზე მარტივად კონტროლდება ის კომუნიკაცია, რომელიც პირდაპირ მობილური ოპერატორის ქსელში გადის – ჩვეულებრივი ზარი და SMS. მისი მტკიცებით, ასეთი კომუნიკაციის მოსასმენად ან წასაკითხად დამატებითი აპლიკაციის გატეხვა არ არის საჭირო.
მისი თქმით, ეს კონტროლი მხოლოდ საუბრის შინაარსს არ ეხება. SMS-ებით და სხვადასხვა ავტომატური შეტყობინებით შეიძლება ადამიანის გადაადგილების, ქცევის და ზოგჯერ ფინანსური აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებაც. მაგალითად, თუ ადამიანს ბანკიდან ან მაღაზიიდან შეტყობინება მიუვიდა, ოპერატორმა შეიძლება დაინახოს, სად იმყოფება ის, რა ტიპის ოპერაცია შეასრულა და რა დროს.
მისი თქმით, მობილური ანძების მონაცემებითაც შესაძლებელია დადგინდეს, სად იმყოფება ადამიანი და ვისთან ერთად. თუ რამდენიმე საინტერესო პირი ერთსა და იმავე ანძაზე ჩნდება, სისტემისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
რაც შეეხება დაცულ აპლიკაციებს – WhatsApp-ს, Signal-ს და სხვა მსგავს პლატფორმებს – ირემაშვილი ამბობს, რომ მათი შინაარსის პირდაპირ მოსმენა უფრო რთულია. განსაკუთრებით Signal-ს ის უფრო დაცულ არხად მოიხსენიებს. თუმცა, მისი განმარტებით, პრობლემა თავად აპლიკაციაში კი არა, მოწყობილობაშია. თუ ტელეფონი, iPad ან ლეპტოპი კონტროლზე აიყვანეს, შემდეგ უკვე მნიშვნელობა ნაკლები აქვს, რომელ აპლიკაციას იყენებს ადამიანი.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში სამიზნე ხდება არა Signal ან WhatsApp, არამედ თავად მოწყობილობა. თუ მოწყობილობაში სპეციალური პროგრამა ჩაიწერა, სისტემას შეუძლია დაინახოს, რას წერს მომხმარებელი, ვის ურეკავს, რას ეძებს, რომელ ვიდეოს უყურებს და რა ხდება მის ეკრანზე.
ირემაშვილი ამ პროცესს „დაპლიუსებას“ უწოდებს. მისი განმარტებით, ამისთვის ხშირად საკმარისია, მოწყობილობა რამდენიმე წუთით მოშორდეს მფლობელის ყურადღებას. მაგალითად, აეროპორტში, საზღვარზე ან სახელმწიფო უწყებაში ადამიანს შეიძლება სთხოვონ ტელეფონის, iPad-ის ან ლეპტოპის დატოვება. ამ დროს, მისი თქმით, მოწყობილობაზე შეიძლება ჩაიწეროს პროგრამა, რომელიც შემდეგ პარალელურ რეჟიმში აჩვენებს მის აქტივობას.
„ყურადღების ცენტრიდან არ უნდა მოშოდეს ტელეფონი და ხელში არ უნდა ჩაუვარდეს რა“.
ირემაშვილი აღწერს რამდენიმე შესაძლო სცენარს. ერთ შემთხვევაში, ადამიანს აეროპორტში ეუბნებიან, რომ ბარგი ან მოწყობილობა დროებით უნდა დატოვოს. მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებაში შესვლისას სთხოვენ, ტელეფონი სპეციალურ კარადაში ჩადოს, რადგან შენობაში მოწყობილობით შესვლა არ შეიძლება. მისი თქმით, თუ ასეთი პროცესი კონტროლირებულია წინასწარ და ადგილზე გამზადებულია ტექნიკური თანამშრომელი, მოწყობილობის დამუშავებას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს.
„ორი წუთი ჭირდება, რომ ეს iPad დააპლიუსოს, ერთი სიტყვით დაავირუსოს, რომელსაც მერე პარალელურ რეჟიმში უყურებს“.
ამგვარად, ირემაშვილის განმარტებით, დაცული აპლიკაციები ვერ იცავს ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ თავად მოწყობილობაა კომპრომეტირებული. Signal შეიძლება უფრო დაცული იყოს როგორც საკომუნიკაციო პლატფორმა, მაგრამ თუ ტელეფონი უკვე კონტროლდება, შეტყობინება შეიძლება წაკითხული იყოს მანამდე ან იმ მომენტში, როცა მომხმარებელი მას ეკრანზე წერს.
მისი პასუხი კითხვაზე, რომელი პლატფორმა ისმინება, არ არის მხოლოდ კონკრეტული აპლიკაციების სია. მისი თქმით, მთავარი საკითხია არა მხოლოდ რას იყენებს ადამიანი კომუნიკაციისთვის, არამედ რამდენად დაცულია მისი მოწყობილობა და რამდენად აქვს სისტემას წვდომა მის ფიზიკურ ან დისტანციურ კონტროლზე.
Pegasus და ბელარუსული გამოცდილება
ირემაშვილი ამტკიცებს, რომ სისტემას აქვს წვდომა ძვირადღირებულ ვირუსულ პროგრამებზე, მათ შორის Pegasus-ზე. მისი თქმით, ამ მიმართულებაზე ფულს არ ზოგავენ.
„ვისაც ჰგონია, რომ პეგასუსი ძვირია და ესენი ფულს არ გადაიხდიან, ძალიან ღრმად ცდებიან“.
ირემაშვილი ასევე საუბრობს ბელარუსის უშიშროების სისტემასთან კონტაქტებზე და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ქართულ ძალოვან უწყებებს ბელარუსულ და რუსულ გამოცდილებასთან შეხება ჰქონდათ.
„ბელარუსის კაგებედან და რუსეთის კაგებედან ყველანაირი გამოცდილება აქვთ აღებული. ყველა ამ ვირუსულ პროგრამაში არ ზოგავენ ფულს“.
მისი თქმით, Pegasus-ის მსგავსი პროგრამები ყველას წინააღმდეგ არ გამოიყენება, რადგან ძალიან ძვირია. თუმცა, მისი მტკიცებით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ან საკვანძო ფიგურებზე ასეთი რესურსის დახარჯვა სისტემისთვის გამორიცხული არ არის.
ნიკო კვარაცხელიას საქმე – შეიძლებოდა თუ არა მკვლელობის პრევენცია
გადაცემის ბოლო დიდი ნაწილი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას ეხება. ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ ირემაშვილთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა განცდა, რომ კვარაცხელიას გადარჩენა შეიძლებოდა, თუ სამართალდამცავი სისტემა სხვაგვარად იმოქმედებდა – ის გულისხმობს ფაქტს, რომ თვალთვალი და მიყურადება, დიდი ალბათობით, კვარაცხელიას საქმის დამკვეთებზეც იქნებოდა.
ირემაშვილი ამ კონტექსტში იხსენებს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების, ძმები კაკულიების ისტორიას. მისი თქმით, ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მუშაობდა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია მათთან დაკავშირებულ დაჭრებზე, გადაადგილებაზე და კრიმინალურ გარემოცვაზე.
მისი მონაყოლით, ერთ-ერთი ძმა რუსული პასპორტით ჩამოდიოდა საქართველოში, ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს და ისევ ბრუნდებოდა რუსეთში. ირემაშვილი ამბობს, რომ პოლიციას ჰქონდა ვიდეოკადრები, ოპერატიული ინფორმაცია და საფუძველი, რომ ამ პირებით დაინტერესებულიყო, თუმცა პროკურატურა დაკავებისთვის საკმარისად არ მიიჩნევდა მტკიცებულებებს.

ირემაშვილის თქმით, პროკურატურამ მოითხოვა მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი, რაც ძალიან საეჭვოდ გამოიყურება და კრიმინალების მფარველობაზე მიუთითებს.
” სტანდარტი ბევრად მაღალი უნდოდათ, ვიდრე დღეს გამოიყენება პროტესტის მონაწილეების ან სხვა პირების დასაკავებლად… თორემ კაკულები დაჭერილები იქნებოდნენ“.
ირემაშვილის თქმით, თუ სამართალდამცავებს არ აძლევდნენ კაკულიების დაკავების საშუალებას, მინიმუმ შესაძლებელი იყო მათი ქვეყანაში არშემოშვება, რადგან ისინი რუსული პასპორტით გადაადგილდებოდნენ.
„თუ არ გვაჭერინებთ არ გვაჭერინებთ კარგი. საზღვარზე არ შემოუშვათ მაინც, ეგ ხომ ელემენტარულად შეიძლებოდა“.
ის ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში პირი საზღვარზე შეაჩერეს, მაგრამ ადვოკატის ჩარევის და შესაძლო საჯარო სკანდალის შიშით, მაინც შემოუშვეს. ირემაშვილის თქმით, არსებობდა მეორე გზაც – ოფიციალურად არ შემოეშვათ ქვეყანაში, როგორც არასასურველი პირი.
ირემაშვილის და წამყვანის საუბარში ჩნდება კითხვა: იყო ეს უუნარობა, დაუდევრობა თუ უფრო მძიმე რამე? ირემაშვილი პირდაპირ საბოლოო დასკვნას არ ამბობს, მაგრამ მიუთითებს რამდენიმე ფაქტორზე – საკადრო ცვლილებებზე, ახალი ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობაზე, ინსტიტუციური მეხსიერების დაკარგვაზე, პოლიციის და კრიმინალური წრეების შესაძლო კავშირებზე.
მისი თქმით, როცა ვაკე-საბურთალოს ძველი გუნდი შეიცვალა, მათთან ერთად წავიდა ის ცოდნაც, რომელიც კონკრეტული კრიმინალური გარემოს შესახებ არსებობდა. ახალ ხელმძღვანელებს დრო სჭირდებოდათ გასარკვევად, მაგრამ სისტემაში, ირემაშვილის თქმით, ხშირად არ უსმენენ რიგით თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად ფლობენ ინფორმაციას.
„ითვლება რომ ახალი უფროსი რომ მოდის, იმას ზეციდან ეძლევა ცოდნა“.
მისი აზრით, ეს მენეჯერული კულტურა ძალოვან უწყებებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. თანამდებობის პირი მოდის, თავს უკვე მცოდნედ მიიჩნევს, ძველი თანამშრომლების გამოცდილებას არ იყენებს და ამ პროცესში მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკარგება.
ამავე დროს, ირემაშვილი ამბობს, რომ კვარაცხელიას მკვლელობის წინ საქმის ფიგურანტები, კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც სამართალდამცავებს წესით კონტროლზე უნდა ჰყოლოდათ, რეგულარულად იკრიბებოდნენ, გადაადგილდებოდნენ, ერთ ანძებზე ხვდებოდნენ. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი ეჭვის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
კაკულიები, ვაკე და კრიმინალური წრეები
ირემაშვილი დეტალურად აღწერს 2013-2014 წლების ვაკეს, სადაც, მისი თქმით, ამნისტიის შემდეგ გახშირდა დაჭრები, სროლები და ქუჩური კონფლიქტები. ის ამბობს, რომ სამართალდამცავებმა იცოდნენ, ვინ ვისთან იყო დაკავშირებული, ვინ მონაწილეობდა ძალადობრივ კონფლიქტებში და ვინ ცდილობდა გავლენის მოპოვებას.
მისი თქმით, კაკულიების გარშემო თანდათან შეიკრიბა ჯგუფი, რომელშიც ფიგურირებდნენ სხვადასხვა გავლენიანი ან შეძლებული ოჯახების შვილები. ირემაშვილი ასევე საუბრობს იმ მოდელზე, როცა კრიმინალური წრეები ფულიანი ოჯახების შვილებთან მეგობრობას იწყებენ და შემდეგ მათ რესურსებს იყენებენ.
„ვიღაცა ფულიანი ბიზნესმენის შვილს ეძმაკაცებიან ვითომ ანუ შენი ძმაკაცი ვარ… და მერე ნელ-ნელა მამამისის ფულებით აყიდინებენ მანქანებს, იარაღებს და ასე შემდეგ“.
ირემაშვილის თქმით, ასეთი ჯგუფები სამართალდამცავებისთვის უცნობი არ იყო. პრობლემა, მისი შეფასებით, იყო არა ინფორმაციის არქონა, არამედ რეაგირების არქონა.
ირემაშვილი ამ წრის კონტექსტში რამდენიმე ცნობილ გვარსა და სახელს ასახელებს. მათ შორის არიან ძმები კაკულიები, ბუსა ჟვანია, როინ მეტრეველის შვილიშვილი – როინიკო მეტრეველი, ბიზნესმენ ჩხაიძისა და ჯინჭარაძის შვილები.
სტატისტიკა როგორც სისტემის ლოგიკა
ირემაშვილი ძალოვან სისტემაში კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს – დანაშაულის სტატისტიკაზე. მისი თქმით, თვეების და წლის ბოლოს სტრუქტურები ცდილობენ სტატისტიკის „გასწორებას“. საქმეები, რომლებიც ძველ პერიოდში დარჩა, ხშირად მეორე პლანზე გადადის.
„თვე დამთავრდა, დაივიწყეს ის საქმეები, ახალი თვე იწყება, ახალი სტატისტიკა იწყება“.
მისი თქმით, ნორმალურ სისტემაში უნდა არსებობდეს სპეციალური განყოფილებები, რომლებიც ძველ, გაუხსნელ საქმეებზე მუშაობენ. საქართველოში კი, მისი მონაყოლით, გამომძიებელს შეიძლება ასობით საქმე ეწეროს.
„თითო გამომძიებელს აწერია 500-600 საქმე. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა იმუშაოს გამომძიებელმა 600 საქმეზე?”