ევროპარლამენტმა ტელეკომპანია "იმედს" 1 წლით საქმიანობა აუკრძალა
გაზიარება
გაზიარება
ევროპარლამენტმა TV Imedi-ს საქმიანობა აუკრძალა
სანქცირებული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა არხს ევროპის პარლამენტში საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა. ამავე დროს, მოლდოვამ „იმედს“, PosTV-სა და „რუსთავი 2“-ს აკრედიტაციაზე უარი უთხრა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად, რომელიც კიშინიოვში გაიმართება.
სამი მაუწყებლის ინფორმაციით, ღონისძიებას “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილიც დაესწრება. არხებმა ასევე გაავრცელეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აკრედიტაციის მოთხოვნები ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობისა და უცხოელი ჟურნალისტების რეგულაციების შესაბამისად განიხილეს, რის შემდეგაც განაცხადები არ დაკმაყოფილდა.
განცხადებაში მოლდოვის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების წესით ჩატარდა და ინდივიდუალური განაცხადების ან შიდა განხილვების შესახებ დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
რაც შეეხება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, „იმედის“ ცნობით, არხმა ცოტა ხნის წინ მიიღო ოფიციალური წერილი, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიას ევროპის პარლამენტში საქმიანობა ერთი წლით ეკრძალება. მაუწყებელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება „იმედის კვირაში“ გასული ერთ-ერთი რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.
დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს სანქციები დაუწესა ტელეკომპანია “იმედსა” და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
სანქციების სიის დოკუმენტის მიხედვით, TV იმედსა და POSTV-ს შეეხებათ აქტივების გაყინვა, ტრასტის მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია, რომელიც ინდივიდს კომპანიის დირექტორობას, მის დაარსებას ან მართვას გარკვეული პერიოდით უზღუდავს, სანქციის დარღვევა კი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.
დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპგანადისტული მედიების, TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება “არასერიოზული და სამარცხვინოა“. მისი თქმით, ლონდონში “აღარაფერი აღარ ფასობს“, მათ შორის – მედიის თავისუფლება.