სომხეთში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა
სომხეთში, ოპოზიციური პარტიის, „დაშნაკცუტუნის“ წარმომადგენელმა, ტელეკომპანია „ერკირ-მედიას“ საინფორმაციო პროგრამების დირექტორმა, გეგამ მანუკიანმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.
„სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების, და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის არაკომპეტენტური და დესტრუქციული ქმედებების შედეგად ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის გამო, პირად და ეროვნულ ტრაგედიას განვიცდი“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
საუბარია, ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად, აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაზე.
ამ ნაბიჯზე წასვლის გადაწყვეტილება გეგამ მანუკიანმა იმით ახსნა, რომ შიმშილობა – საერთაშორისო საზოგადოებაში მიღებული პროტესტის ფორმაა:
„ირლანდიელები 50 დღე შიმშილობდნენ ბრიტანელების კონტროლის წინააღმდეგ, ქურთები – 64 დღე თურქების კონტროლის წინააღმდეგ. ძალიან ვწუხვარ, რომ იძულებული ვარ ამ მეთოდით ვიბრძოლო არა უცხოური გავლენის, არამედ საკუთარი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ეს ჩემთვის ბრძოლოს უკანასკნელი ფორმაა. პირველად მივმართავ ასეთ რამეს“.
უფლებადამცველმა ავეტიკ იშხანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცდილობდა მანუკიანი დაერწმუნებინა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე:
„ნიკოლ ფაშინიანს სინდისი არ აქვს, ის მხოლოდ ბედნიერი იქნება, თუკი მანუკიანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობამდე მივა. ჩვენ ყველას საქმე გვაქვს ძალიან სასტიკ ადამიანთან, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს“.
გეგამ მანუკიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს გადაწყვეტილებაზე უარი თქვას. ის ჟურნალისტებთან ერთად მივიდა მთავრობის შენობასთან, სადაც შიმშილობის დაწყებას აპირებდა, მაგრამ პოლიციამ მას იქ განთავსების საშუალება არ მისცა.