ოპოზიციონერები ხელისუფლებას მიმართავენ, რუსეთის მიერ უკრაინაში დაგეგმილი „რეფერენდუმები“ დაგმოს
ოპოზიციონერები ხელისუფლებას მიმართავენ
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმები დაგმოს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დროულად გააკეთოს.
თეონა აქუბარდიამ, ხატია დეკანოიძემ, თამარ კორძაიამ, ხათუნა სამნიძემ, ანა წითლიძემ და ანა ბუჩუკურმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, რაც შეიძლება სწრაფად განაცხადონ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ. მათ იგივე მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.
დეპუტატების განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის საფრთხე საქართველოსაც გააჩნია და ე.წ. რეფერენდუმი, როგორც დამოკლეს მახვილი, საქართველოს თავზეც კიდია.
“მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ოფიციალურმა მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაგმოს ე.წ რეფერენდუმების ჩატარება, მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ანექსიის ანალოგიური საფრთხე საქართველოსაც გააჩნია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
21 სექტემბერს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინის მიერ ხელმოწერილი სამობილიზაციო განკარგულება რამდენიმე დეტალს შეიცავს – ფაქტობრივად, თავდაცვის სამინისტრო თავად გადაწყვეტს ვინ, საიდან და რა რაოდენობით გაგზავნოს ფრონტზე.
მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი ადამიანის გამოძახებაა შესაძლებელი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
რუსეთის ხელისუფლება 23-27 სექტემბერს მის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების – კერძოდ, ლუგანსკისა და დონეცკის, ზაპოროჟიეს ოლქის და ხერსონის ნაწილში ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებასაც გეგმავს, აღნიშნული ტერიტორიების რუსეთთან შეერთების მიზნით.