„გვარამიამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე ახალი არაფერი თქვა“ - მოსაზრება აფხაზეთიდან
ნიკა გვარამიას ინტერვიუ და გამოხმაურება აფხაზეთიდან
ქართული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუმ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების გზებთან დაკავშირებით ფართო გამოხმაურება გამოიწვია თავად საქართველოში. თუმცა, აფხაზეთში ის პრაქტიკულად იგნორირებული იყო.
აფხაზური გაზეთის „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ამის შესაძლო მიზეზებზე საკუთარი მოსაზრება თავის ბლოგში გამოთქვა. ის მიიჩნევს, რომ აფხაზების მხრიდან ინტერესის ნაკლებობა, პირველ რიგში, იმით არის განპირობებული, რომ გვარამიამ თავის ინტერვიუში არაფერი ახალი არ თქვა და არც ის, რისი მოსმენაც აფხაზებს სურდათ.

ინალ ხაშიგი: „ჩემი წმინდად აფხაზური აზრით, გვარამიამ არაფერი რევოლუციური არ თქვა. მან შესაძლოა გაიმეორა ძველი იდეა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზით მოგვარებულიყო, რაც კარგი სატყუარა იქნებოდა აფხაზებისთვის.
ქართველი პოლიტიკოსები ამაზე პერიოდულად ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან საუბრობენ. ბოლოს, უკვე 2024 წელს, საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონკრეტული ვადაც დაასახელა და ტრიბუნიდან პომპეზურად განაცხადა: „საქართველო ევროკავშირში 2030 წლისთვის ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევა“. მოკლედ, ევროკავშირი მანამდეც არაერთხელ უხსენებიათ.
გვარამიას ინტერვიუდან ისიც გავიგე, რომ ამ ეტაპზე ქართველებს კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება არ შეუძლიათ, რადგან საქართველოს სასურველი შედეგის გარანტირებისთვის საკმარისი რესურსი არ აქვს. ამ ვითარებაში კონფლიქტის მოგვარების საფუძველი ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოების საერთო ინტერესები უნდა გახდეს.
ოპოზიციის ლიდერის მიერ შემოთავაზებული ერთადერთი „ინოვაცია“ ის არის, რომ საქართველომ 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური ომის ტრავმა უნდა გადალახოს, რადგან ეს მოგონებები „ხელს უშლის პროგრესს და ბლოკავს განვითარებას“. ამ საკითხში ნიკა გვარამიას სრულად ვეთანხმები.
ჩემი აზრით, აფხაზეთის დაბრუნების აუცილებლობაზე მუდმივი ქართული მანტრა საქართველოს სრულფასოვანი განვითარებისთვის მართლაც აუტანელი ტვირთია.
ეს ჰგავს ადამიანს, რომელიც მთელ ენერგიასა და დარჩენილ ცხოვრებას დიდი ხნის წინ გაუცხოებული ცოლის დაბრუნებას ახმარს და ამის გარეშე საკუთარ ცხოვრებას წარუმატებლად მიიჩნევს.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს რეფორმისტულ კურსს „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ სასარგებლოდ რომ არ ჩამოშორებოდა, საქართველო სახელმწიფოებრიობის განვითარებაში მნიშვნელოვან პროგრესს აუცილებლად მიაღწევდა.
სრულად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ როდესაც ნიკა გვარამია ტრავმის დაძლევის აუცილებლობაზე საუბრობს, სინამდვილეში დაკარგულ ტერიტორიებზე პრეტენზიებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებას გულისხმობს. თუმცა, როგორც პოლიტიკოსს, მას ასეთი განცხადების საფრთხე კარგად ესმის.
აფხაზების მხრიდან ქართველებისადმი ნდობის აღდგენაზეც გვარამია საუბრობს. თუმცა, მისი ხედვა სხვა ქართველი პოლიტიკოსების მიდგომისგან დიდად არ განსხვავდება: „ჩვენ გაგიხსნით სამყაროს და შეღავათებს მოგანიჭებთ, მაგრამ ჯერ ჩვენთან დაბრუნდით“. ეს ერთგვარი ვაჭრობაა, რომლის დროსაც არ არსებობს გარანტია, რომ მეორე მხარე არ ბლეფობს.
ნამდვილი ნდობა კი სულ სხვაგვარად გამოიყურება.
ჩემი აზრით, აფხაზების მხრიდან ქართველებისადმი ნდობის აღდგენის დასაწყებად ხელშესახები ნაბიჯი იქნებოდა, თბილისს დისკრიმინაციული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ გაეუქმებინა. ეს კანონი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნებართვის გარეშე თითქმის ყველაფერს უკრძალავს, დამოუკიდებლად სუნთქვის გარდა. თუმცა, ნიკა გვარამიას ეს კანონი საერთოდ არ უხსენებია. ალბათ, სწორედ ამიტომ დარჩა მისი ინტერვიუ აფხაზეთში შეუმჩნეველი.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას