ნიკა გვარამია: სუს-მა ჩემი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა
დღეს, 30 სექტემბერს, “მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და მისი სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ ახალი დეტალები გააცნეს.
გვარამიას თქმით, ანტიტერორისტულ დეპარტამენტში მას უთხრეს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო, მისი უწყებიდან გამოსვლის შემდეგ კი სუს-ის წარმომადგენელმა მედიასთან საჯაროდ ისაუბრა საქმის დეტალებზე. სუს-ის წარმომადგენელმა თქვა ისიც, რომ თავდასხმა კიდევ ერთ ჟურნალისტზე იგეგმება.
“ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი არ მითქვამს. მათ ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი და დავზაფრავდი ყველას. ამის შემდეგ დეპარტამენტის პიარის თანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, ვაპირებ თუ არა ბრიფინგის ჩატარებას და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს, რაც მე არ უნდა მეთქვა,” – ამბობს გვარამია.
მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა. გვარამია აღნიშნავს იმასაც, რომ 1 თვის წინ მისთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ:
“ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით მედია საზოგადოების დაზაფვრას. მე ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი.”
გვარამიას თქმით, ის, რაც სუს-მა გააკეთა, გაუკეთა იმ ადამიანებსაც, ვინც ახლა მას იცავს, რადგან მიანიშნა, თუ რამდენი არიან და კიდევ რამდენი დაემატება.
“ისეთი ინფორმაცია გაამჟღავნა, რომელიც არ შეიძლებოდა. ხვალ რომ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, სად მიდის ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი?!” – ამბობს გვარამია.
● “ფორმულას” დამფუძნებელს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში უჩივის
● ვითხოვთ უსაფრთხო მედიაგარემოს – მედიისა და საზოგადოების მიმართვა მთავრობას
● “არასწორ მხარეს დგახარ” – თბილისში ჟურნალისტ ვახო სანაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მისულ ჟურნალისტებს, მოგვიანებით კი ყველა მედიასაშუალებას დაეგზავნა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია.
“მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“ – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ.