NDI: 72% ევროკავშირის, 61% ნატო-ს წევრობას უჭერს მხარს
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს, 18 %-ისთვის კი ეს მიუღებელია.
ივლისში გამოქვეყნებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72 % მაშინაც მხარს ევროკავშირის წევრობას უჭერდა, ხოლო 16 % არა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით მიღებული შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან საზოგადოებას დიდი მოლოდინი აქვს ვიზალიბერალიზაციის მიღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ნატო-ს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირებულია, ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% კი წინააღმდეგია. წინა კვლევის მიხედვით კი გამოკითხულა 64% -სთვის ნატო-ს წევრობა მისაღები იყო, ხოლო 22 %-სთვის არა.
ოპოზიცის წარმომადგენლები ხელისუფლებას ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებასთან უფრო მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებენ.
NDI-ს კვლევის სამუშაოები 2016 წლის 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.