“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძეს და მის ძმას, დავით სირაძეს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 4 ივლისს, ამბროლაურში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ოთარ და დავით სირაძეებმა “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემეს.
სირაძეების წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ბ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შემთხვევა 4 ივლისს, ონში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. ოთარ სირაძე აცხადებდა, რომ “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტები ჯერ ონში აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ამბროლაურში, საკუთარ სახლთან დახვდნენ.
საპირისპიროს ამტკიცებენ “ახალგაზრდა მწვანეები”. ისინი ამბობენ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას მათ სირაძე აყენებდა. ამბროლაურში კი მას შემთხვევით შეხვდნენ, რადგან მათი სასტუმრო “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის სახლთან ახლოს მდებარეობდა. თუმცა, ვიდეოში, რომელიც “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტებმა გადაიღეს, ჩანს, რომ ნიკოლოზ ღლონტს პირველმა ოთარ სირაძემ დაარტყა. ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში მას დავით სირაძე ეხმარება, რომელიც ნიკოლოზ ღლონტს ხელებს უჭერს და ძმას მის ცემას უადვილებს.
ოთარ სირაძე 2010 წლიდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრია.
2005-2008 წლებში ის პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
ინციდენტის შემდეგ ენმ-ში აღნიშნეს, რომ მათთვის ძალადობის ყველა ფორმა მიუღებელია, თუმცა სირაძის მიმართ პარტია დისციპლინური ზომების მიღებას არ აპირებს.