ბათუმში, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. მიმდებარე ქუჩებზე, დროშებითა და ბანერებით, ასობით მოქალაქეა შეკრებილი.
„წადი!“, „იმოქმედე!“. “თამარ ჟვანია ციხეში!” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მთავრობის სახლის წინ შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია.
“ჩვენ მოგვპარეს ჩვენი, ჩვენი ძმების, ჩვენი ბაბუების და ბებიების ხმები, ჩვენ ამას არ შევეგუებით, არ დავუთმობთ რუს ოლიგარქს ამ ქვეყანას” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობისა და აჭარაში მაჟორიტარობის ოპოზიციონერი კანდიდატები აცხადებენ, რომ ისინი ბოლომდე ხალხის გვერდით დგანან.
„ივანიშვილმა გააყალბა, თავზე გადაგვახია მთელი საარჩევნო კოდექსი, შევარჩინოთ? მე, ლევან ვარშალომიძემ და მთელმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავდგეთ თქვენს გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე.
ვიდგებით აქ, სანამ არ მივიღებთ ხალხის გამარჯვებას. თავიდან ჩატარდეს არჩევნები და რეალურად დაითვალოს, ვის რამდენი [ხმა] აქვს. თანახმა ხართ?“, – მიმართა ლევან ვარშალომიძემ აქციის მონაწილეებს.
„ვროპული საქართველოს“ წევრმა არმაზ ახვლედიანმა კი განაცხადა, რომ იბრძოლებენ მანამ, სანამ „ივანიშვილიზმი“ არ დასრულდება საქართველოში.